გიორგი კალანდარიშვილი: შეთავაზებული გვქონდა სპეციალური ჩარჩოფორმა, რომელშიც ბიულეტენის სრულყოფილად მოთავსების პროცესში ვერ მოხდებოდა თუნდაც უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის იდენტიფიცირება

ბიულეტენი გადმობრუნებული სახით თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩოფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსების და შემდგომ აპარატში მოთავსების პროცესში, ვერ მოხდებოდა თუნდაც უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარემ ფურცლის ხარისხის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტესტირების დროს გამოყენებული იყო დაბალი გრამაჟობის ფურცელი, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს ყველაზე მაღალი ხარისხის ფურცელი.

„ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომ ფარულობის კომპონენტი არ უნდა დაირღვეს. როდესაც ამომრჩეველი შედის კაბინაში, ამ დროს არ უნდა განხორციელდეს მასზე რაიმე ზემოქმედება, რადგან ნების თავისუფალ გარემოში დაფიქსირებას ხელი არ უნდა შეეშალოს, ისევე, როგორ ყველა შემდგომ ნაბიჯზე, მაგრამ განსაკუთრებით ამ ნაწილში.

როდესაც კაბინიდან გამოვიდა ამომრჩეველი, ამ დროს შეთავაზებული გვქონდა სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომელშიც თავსდებოდა ამობრუნებული სახით ბიულეტენი. ბიულეტენი გადმობრუნებული სახით თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩოფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსების და შემდგომ აპარატში მოთავსების პროცესში, ვერ მოხდებოდა თუნდაც უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება. თუმცა, ის, რაც წუხილად არის წარმოჩენილი, თითქოს ეს ჩანდა და არავინ უარყოფს, რომ ჩანდა, მათ შორის, კენჭისყრის დღეს კომისიებმა ეს ყველაფერი ნახეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ის [ბიულეტენი] რაც სატესტო, სადემონსტრაციო, იმიტირებულ პროცესში იყო გამოყენებული, ის იყო დაბალი გრამაჟის და ეს იყო ყველაზე მაღალი თუ როდისმე გამოგვიყენებია ქართული არჩევნების პირობებში, ვსაუბრობ წინა არჩევნებზე, როდესაც რვა პილოტი ჩატარდა ქვეყანაში. „სმარტმატიკის“ რეკომენდაციის შესაბამისად, ბიულეტენი უნდა ყოფილიყო 162 პლუს-მინუს 20 %-ის ფარგლებში და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია და მაქსიმალურ გრამაჟზე დავსვით. თავის მხრივ, ტექნიკური სპეციფიკაციები შემდგომ აპარატს აღარ მისცემდა იმის შესაძლებლობას, რომ გამტარობა ყოფილიყო“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები