კულტურის მინისტრი განახლებულ „ნიჭიერთა ათწლედს“ ესტუმრა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე განაგრძობს სამუშაო ვიზიტებს სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელოვნებო ორგანიზაციებში. ის ეწვია კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართუს“ მიერ ახლად რეაბილიტირებულ „ნიჭიერთა ათწლედს“, ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა შენობა და გაეცნო სასწავლებლის საჭიროებებს.
როგორც ცნობილია, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის _ „ნიჭიერთა ათწლედის“ განახლებული შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზეიმოდ გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერში.
2016 წელს ფონდმა „ქართუმ“ საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა 954 500 ლარით, 2022 წელს კი კულტურის სამინისტროს ინიციატივით ეს პროცესი განახლდა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანადაფინანსების სახით 6 243 000 ლარი გამოყო. შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და მოეწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
წლების მანძილზე „ნიჭიერთა ათწლედში“ ბევრი ხელოვანი აღიზარდა. ამ სკოლის მოსწავლეები არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატები არიან.
2020 წლის მარტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „ნიჭიერთა ათწლედში“ ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები