ნინო წილოსანი: ერთადერთი, რაც შეუძლია ოპოზიციას გააკეთოს, არის ის, რომ მიიღოს შედეგი, რომელიც ქართველმა ხალხმა დადო ამ არჩევნებზე და შეეგუოს წაგებას

მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ერთადერთი, რაც შეუძლია ოპოზიციას გააკეთოს, არის ის, რომ მიიღოს შედეგი, რომელიც ქართველმა ხალხმა დადო არჩევნებზე და შეეგუოს წაგებას.

“გაკეთდება ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. მივესალმები ცესკოს განცხადებას, რომლითაც მან პროკურატურას მიმართა და ის ძალიან მავნებლური სპეკულაციები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური აქტორები ეწევიან, ერთხელ და სამუდამოდ, იყოს პასუხგაცემული. შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება. მე გამიჭირდება, რომ ჩავერიო თვითონ საგამოძიებო პროცესებში და რა საჭიროება გაჩნდება ამ პროცესებიდან გამომდინარე.

ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს, რომ თავად ამ აპარატების მუშაობას, ჩატვირთულ ბაზებთან ხმების შესაბამისობას ითვლის ამერიკული, მაღალკვალიფიციური კომპანია, რომლის კომპეტენციაშიც ეჭვი აქამდე არ ეპარებოდათ და თავად ადასტურებდნენ, რომ თავად ამ კომპანიის აუდიტია გარანტი იმისა, რომ პროცესი იქნება სრულყოფილი და არანაირ რაღაც პატარა გაყალბების ელემენტებიც კი არ შეიძლება იყოს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ მათი დღის წესრიგით გადავეწყოთ. წარმოიდგინეთ, დაიწყებენ უაზრო ბრალდებებს და ჩვენ უნდა დავდგეთ და ვიმართლოთ თავი. თავის სამართლებელი არავისთან არ გვაქვს.

წარმოუდგენელია, რომ ისინი მივიდნენ და რაიმე ჩვენება მისცენ, რადგან ამ ჩვენების მიღმა, არ იქნება არანაირი საღი აზრი, არანაირი ფაქტი და არანაირი არგუმენტი. მათ ეს პოლიტიკური განცხადებები აკერიათ პირზე, რომლითაც ცდილობენ, რომ საკუთარი ამომრჩეველი გამოკვებონ, რადგან ჩვენმა ამომრჩეველმა ისედაც იცის, რამდენი ვართ. იციან, რამდენად დიდი აქტივობა იყო და რამხელა სულისკვეთება იყო იმისთვის, რომ ეს არჩევნები ზუსტად ასეთი შედეგით დასრულებულიყო. ამიტომ, აქეთ მხარეს არავის არ ეპარება ეჭვი შედეგებში და გვგონია, რომ არც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს, მათ შორის, მათ ამომრჩეველთა რიგებში. აქციებზეც ვეღარ ამობილიზებენ ხალხს, რადგან მათი უმრავლესობა ხვდება, რომ ამ ყველაფრის ფონზე იმის მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, სიგიჟეა.

ერთადერთი, რაც შეუძლია ოპოზიციას გააკეთოს, არის ის, რომ მიიღოს შედეგი, რომელიც ქართველმა ხალხმა დადო ამ არჩევნებზე და შეეგუოს წაგებას. ამავდროულად, გააანალიზოს შედეგები, რადგან რადიკალური კლება აქვთ საკუთარ ხმებში და ძალიან დიდი ზრდაა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში იმიტომ, რომ პოლიტიკა, რაც ჩვენ განგვასხვავებს და ის იდეოლოგიური ხრამი, რაც ჩვენს შორის არსებობს, – ანუ, ჩვენს მხარეს მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ღირებულებებზე, ფასეულობებზე ორიენტირებული პოლიტიკა და იქეთ მხარეს ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ,” – აცხადებს ნინო წილოსანი “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები