თალიბანის სათნოების მინისტრმა, ხალიდ ჰანაფიმ ქალებს საჯაროდ საუბარი არა მხოლოდ მამაკაცებთან, არამედ ქალებთანაც აუკრძალა.
როგორც ტელეგრამის არხებზე ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის ახალი კანონის ზუსტი დეტალები გაურკვეველია, ქალებს, ფაქტობრივად, ერთმანეთთან საუბარი აეკრძალათ.
ქალებს ასევე ეკრძალებათ ყურანის ხმამაღლა წაკითხვა სხვა ქალების თანდასწრებით. ახალი რეგულაციის თანახმად, სრულწლოვანმა ქალებმა საკუთარი ხმა სხვა ზრდასრულ ქალებს არ უნდა გააგონონ.
ასევე, ქალებს ეზღუდებათ საზოგადოებაში სიმღერა და კითხვა. აკრძალვას იმით ამართლებენ, რომ ქალის ხმა ინტიმურად აღიქმება.
ცნობისთვის, 2021 წლის აგვისტოდან თალიბებმა ავღანეთში ძალაუფლება აიღეს. მას შემდეგ ქვეყანაში ქალებს აეკრძალათ განათლების მიღება, მოგზაურობა მამაკაცის გარეშე, პარკების მონახულება, სპორტის თამაში და ცურვა. თალიბებმა ასევე გასცეს ბრძანება სილამაზის სალონების, თმის სალონებისა და ქალთა თავშესაფრების დახურვის შესახებ. გაუქმდა კანონი, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ქალებს ხშირად სცემენ საჯაროდ და აპატიმრებენ „არაისლამური ქცევისთვის“, რაც შეიძლება მოიაზრებდეს ნებისმიერ რამეს.
გენდერული დისკრიმინაციის გამო თალიბანს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში უკვე უჩივლა ოთხმა ქვეყანამ. ესენია კანადა, ავსტრალია, გერმანია და ნიდერლანდები.