„2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გაცილებით წარმატებული იქნება”

  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორებმა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, საქართველოსთვის 2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გაცილებით წარმატებული იქნება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები: მენო შნელი და ფრენკ ჰემსკერკი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, აგრეთვე ეკონომიკური ზრდის დინამიურ ტენდენციაზე. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც ტარდება ქვეყანაში. დავინახეთ ხელისუფლების მზაობა, კიდევ უფრო განმტკიცდეს და შეუქცევადი გახდეს ეს პროცესი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, მათ შორის, ახალი პროგრამითაც. ვფიქრობ, დღეს კონსტრუქციული დიალოგი შედგა,“ – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მენო შნელმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი იმედოვნებს, რომ მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. „მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტი. ეს ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელობა ადასტურებენ საქართველოს, მისი მთავრობისადმი მხარდაჭერას.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში თბილისში ჩამოდის სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი მასუდ აჰმედი. აღნიშნული მისიის მიმდინარეობისას, ჩვენ ვიმსჯელებთ ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი რანგის სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკაში გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში არსებული დადებითი დინამიკა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები 2014 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
„მოხარული ვარ, რომ ვსტუმრობ საქართველოს. შეხვედრაზე საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის შესახებაც, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა საქართველოში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი ახალი ენერგო რესურსების გამოყენების მიმართულებით. ასევე, დიდი პერსპექტივაა სოფლის მეურნეობის სექტორში. ჩვენ მომავალშიც ერთად ვიმუშავებთ, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰემსკერკმა. დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები