ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე „Theoule Arts and Vin” იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ტოულ სურ მერში (Théoule-sur-mer) გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Theoule Arts and Vin” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 12 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის 15 სახეობის ღვინოს.

რიგით მე-16 ფესტივალი „Theoule, Arts and Vin“, რომელიც ტოულ სურ მერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2008 წლიდან იმართება, აერთიანებს ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებსა და გასტრონომებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთშია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მზარდია, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები