დავით ქართველიშვილი – ოპოზიციის მარშზე: ამ ერთობლივ მსვლელობაში რანაირად უნდა გავარჩიოთ მათ რიგებში 4-იანის, 5-იანის, 9-იანის თუ 25-იანის ამომრჩეველი? იმ კახელისა არ იყოს გურულების ქორწილში: „აქ ვიღაც რომ გაგიჟდეს, როგორ უნდა გაიგონ”

„დღეს „შინევროპელი”-ქართველების მარშია, რომლებიც თურმე ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან პოლიტიკურად, რომ კატეგორიული უარი განაცხადეს წინასაარჩევნო გაერთიანებაზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი და თბილისში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშზე აკეთებს კომენტარს.

ქართველიშვილი ვრცელ პოსტში უკრაინაში ომის შედეგად განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, უკრაინელების მსგავსად, რომლებმაც ომს თავი აარიდეს და თავი ევროპას შეაფარეს, იმავეს იზამენ ქართველი ოპოზიციონერები, თუ მეორე ფრონტი საქართველოში გაიხსნება და საქართველო ცხელ წერტილად იქცევა.

„გაერომ გამოაქვეყნა იმ უკრაინელი „შინევროპელების” რაოდენობა, რომლებმაც უკანასკნელ ორ წელიწადში დატოვეს სამშობლო და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსით სარგებლობენ. გაეროს ინფორმაციით, ევროკავშირის სივრცეში გადავიდა 6 მილიონ 157 ათასი უკრაინელი, დანარჩენ მსოფლიოში – დაახლოებით 600 ათასი.

ანუ, უკრაინელი „შინევროპელების” რაოდენობა თითქმის ორი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის ტოლფასია. ევროპულ სახლში მათ ასიმილაციას „დიდი არაფერი”, უბრალოდ, ერთი გამანადგურებელი ომი და ამ მომენტისთვის ორივე მხრიდან სადღაც ერთი მილიონი დაღუპული სლავი დასჭირდა.

ევროკავშირში ასიმილირებული „შინევროპელი”-უკრაინელების უმეტესი ნაწილი აღარ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას, უკრაინის ევრო და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრირების გზებზე „დიდი წარმატებების” მიუხედავად, სულ რომ ეს ომი ხვალ დასრულებულად იქნას გამოცხადებული.

დღეს კი, ჩვენი ადგილობრივი „შინევროპელების” მარშია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ჩვეულებრივი, მშვიდობიანი გზით ევროპის ოჯახში შესვლას. აქაც ნორმალური, კაცობრიობის მიერ აპრობირებული ტრადიციული “რეპროდუქციული” მეთოდები მათ არ აკმაყოფილებთ და გაუკუღმართებულ გზებს ამჯობინებენ.

მათ ევროკავშირში ომის გზით მოხვედრა სურთ, „შინევროპელი”-უკრაინელების მსგავსად. თუმცა, საქართველოს თავზე ომის გამოწვევის შემთხვევაში, ისინი მომენტალურად დატოვებენ თავის „სამშობლოს” და სათავისოდ კომფორტულ იდეოლოგიურ სივრცეს შეუერთდებიან. სულ რომ დანარჩენი, აქ დარჩენილი ქართველები ბოლომდე ამოხოცონ უკრაინაში მიმდინარე მსგავს ომში – შეხედავენ სიტუაციას, თუმცა დიდი ალბათობით მაინც აღარ დაბრუნდებიან.

საინტერესო იქნება მათი მომდევნო ბედის ისტორია, როდესაც ნელ-ნელა, მაგრამ დიდი ალბათობით ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში ხელისუფლებაში იქაური „ქოცები” მოვლენ. ჩვენს „შინევროპელ”-ქართველებს დაუდგებათ „არც იქანე მიმიღონ და არც აქანე გავჩერდე” ცნობილი სიტუაცია. მართალია ეს დილემა ჩვენი გადასაწყვეტი აღარ იქნება, მაგრამ ნუთუ ჩემს მიერ აღწერილი პერსპექტივა მაინც ურჩევნიათ, ქვეყანასთან ერთად განახლებულ ევროპაში ერთად შესვლას, გახრწნილი გარემოს მიერ უჩვენოდაც ნაწილებად დაშლილ ევროკავშირში დარჩენა ამჯობინონ?

დღეს „შინევროპელი”-ქართველების მარშია, რომლებიც თურმე ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან პოლიტიკურად, რომ კატეგორიული უარი განაცხადეს წინასაარჩევნო გაერთიანებაზე. მაგრამ ამ ერთობლივ მსვლელობაში, რანაირად უნდა გავარჩიოთ მათ რიგებში 4-იანის, 5-იანის, 9-იანის თუ 25-იანის ამომრჩეველი? სამკერდე ნიშნები თუ ექნებათ მაინც? იმ კახელისა არ იყოს გურულების ქორწილში: „აქ ვიღაც რომ გაგიჟდეს, როგორ უნდა გაიგონ”… – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები