„აუცილებლად უნდა ვფიქრობდე ვინმეზე, ისე ვერ ვხატავ“ – მაკა ბერძენიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება

18 ოქტომბერს „გარდენ მოლი“ თვითნასწავლი მხატვრის, მაკა ბერძენიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. მხატვრობაში მისი პირველი ნაბიჯები ძალიან საინტერესო ისტორიასთან არის დაკავშირებული. იმის გამო, რომ მას სხვა პროფესია აქვს, ხშირად ვერ ახერხებს ნამუშევრებისთვის დროის დათმობაც. თუმცა, ნახატის შექმნის პროცესი მაკასთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა.

რა იყო მხატვრობაში თქვენი პირველი ნაბიჯები?

პროფესიით მხატვარი არ გახლავართ, ეკონომისტი ვარ. ხატვა ცოტა უცნაურად დავიწყე – ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიზმარში ნანახ ადამიანთან. ცოტა ხანში გავიცანი  პიროვნება, რომელიც ცხოვრებაში არ მყავდა ნანახი, ის გახდა ჩემი მასწავლებელი და ერთ წელიწადში გავაკეთე პერსონალური გამოფენა. ძალიან უცნაური ისტორიაა.

ამ მიმართულებით, დღესდღეობით რას საქმიანობთ?

ორი წელია, რაც ვაორგანიზებ ხელოვანთა კონკურსს – „ფიროსმანს“, შიდა ქართლის მასშტაბით. ხატვას რაც შეეხება – ვხატავ იშვიათად, ფაქტობრივად, წლები გადის ისე, რომ ვერ ვახერხებ. ძირითადად, ეს განწყობაზეა დამოკიდებული.

თქვენი ნამუშევრები რა ჟანრში იქმნება?

ვხატავ სხვადასხვა ჟანრში იმიტომ, რომ რადგან პროფესიული განათლება არ მაქვს, თვითონ  ვსწავლობ და განვითარებას ვცდილობ.  საყვარელი მხატვრის გავლენა მემჩნევა სხვადასხვა ეტაპზე. ჩემი ერთი – საკუთარი სტილი ვერ შევქმენი, არ მაქვს პირადი ხელწერა.

ხატვისთვის საჭიროა დრო, განწყობა და მუზა.

გამოფენებში ხშირად მონაწილეობთ?

მონაწილეობა ბევრ ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მიღებული, ძირითადად, თბილისში. პერსონალური გამოფენა აქამდე მქონდა ერთი, რამდენიმე წლის წინ. იდეის დონეზე, მაქვს სურვილი, გორში ცვილის ფიგურების მუზეუმი გავაკეთო, სადაც თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები და ცვილის ქანდაკებები იქნება წარმოდგენილი.  თუ ეს შევძელი, ძალიან კარგი იქნება.

რას სთავაზობთ დამთვალიერებელს 18 ოქტომბერს?

უმეტესად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩემი ფერწერული ნამუშევრები, სხვადასხვა განწყობის. საინტერესო არის ის, რომ ყველა დამთვალიერებელი სხვადასხვანაირად აღიქვამს ამა თუ იმ ნახატს. ეს იგივეა, ერთი ლექსი სხვადასხვა სიტყვებით რომ წაიკითხონ ადამიანებმა. გავოცდები ხოლმე, ისეთ რაღაცას ნახავენ ნახატში, რაც საერთოდ არც კი მიფიქრია

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები