სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, შეიარაღებული პირების მიერ ქვანახშირის მაღაროზე თავდასხმის შედეგად 20 მაღაროელი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეიარაღებული ჯგუფი დილით მძიმე იარაღის გამოყენებით თავს დაესხა კომპანია Junaid Coal-ის მაღაროებს დუკის რაიონში“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, ჰუმაუნ ხან ნასირმა.
თავდასხმა ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ კვეტას აღმოსავლეთით მოხდა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები შახტში შეიჭრნენ და ცეცხლის გახსნამდე მუშები დააკავეს. ისინი მაღაროებს რაკეტებსა და ყუმბარებს ესროდნენ.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან სამი და დაჭრილთაგან ოთხი ავღანელია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.