“კონკურენციისა და მომხმარებელის დაცვის სააგენტოში” მომართვიანობა გაზრდილია, 2024 წელს, დაახლოებით, 700-მდე განაცხადია განხილული, განაცხადების 68% ონლაინვაჭრობას ეხება” – ირაკლი ლექვინაძე

“საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში” 2024 წელს, დაახლოებით, 700-მდე განაცხადია განხილული, რომელთაც სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მიმართეს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განაცხადების, დაახლოებით, 68% ონლაინვაჭრობას ეხება.

“რაც შეეხება 2024 წლის შედეგებს: 2024 წელს ჩვენს სააგენტოში მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობა დაახლოებით 50%-ზე მეტად არის გაზრდილი. მომხმარებლებს შეუძლიათ, მოგვმართონ ონლაინ, ცხელი ხაზის საშუალებით, ან სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით შესაბამისი განაცხადი გამოაგზავნონ. ზრდა [მომართვიანობის], პირველ რიგში, იმას უკავშირდება რომ მომხმარებლებმა საკუთარი უფლებების შესახებ მეტი იციან, რადგანაც არაერთი “ქეისი” გვაქვს, რომელიც წარმატებით დასრულდა. მომხმარებელს ჰქონდა პრეტენზია, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით მოვაჭრესთან ვერ შეთანხმდა, მოგვმართა და ჩვენთან მომართვის შემდეგ მათი პრობლემები რეალურად გადაჭრილი იქნა. მომხმარებლები როდესაც კონკრეტულ შედეგს იღებენ, წარმატებული “ქეისების” შესახებ ერთმანეთს უყვებიან. ყევლამ იცის, ონლაინვაჭრობის, ფიზიკური ვაჭრობის დროს თუ რაიმე პრობლემა იქნება, ვერ შეთანხმდება მოვაჭრესთან, არსებობს “კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო”, სადაც მას შეუძლია, მიმართოს. მიმართვიდან დაახლოებით 1 თვის ვადაში საკითხის განხილვა ხორციელდება და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. რაც შეეხება 2024 წლის კონკრეტულ სტატისტიკას: 2024 წელს დაახლოებით 700-მდე განაცხადი გვაქვს განხილული, რომლითაც მომხმარებლებმა მოგვმართეს. მომხმარებლებში, ძირითადად, დომინირებენ ქალბატონები. დაახლობით 70% -ის შემთხვევაში ქალბატონები მოგვმართავენ, 68% ონლაინვაჭრობას ეხება, რადგანაც ონლაინვაჭრობა როგორც ჩვენთან, ასევე სხვა ქვეყნებშიც ძალიან აქტუალურია. ფიზიკური ვაჭრობის დროს თითოეულ ჩვენგანს საშუალება გვაქვს, ნივთი ფიზიკურად ვნახოთ, დავათვალიეროთ, შევაფასოთ, ნაკლი ადგილზე აღმოვაჩინოთ, ან ყველა ის მახასიათებელი შევამოწმოთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ნივთს ონლაინ ვიწერთ, პრობლემატიკა ხშირია, რადგან შეიძლება, აღწერილი იყოს ერთი და რეალურად მეორე მივიღოთ. ამიტომ, სწორედ ამას უკავშირდება, რომ ჩვენთან შემოსული განაცხადების დაახლეობით 68% ონლაინვაჭრობას ეხება. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ითხოვენ თანხის უკან დაბრუნებას, ხელშეკრულებიდან გასვლას, რადგანაც არ სურთ იმ ნივთის დატოვება, რომელიც არ მოეწონათ, ან მოვაჭრესთან მიმართებით ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ, ძირითად შემთხვევებში თანხის უკან დაბრუნებაა ის საკითხი, რომლის განხილვაც გვიხდება, ასევე არის ნაკლიანი ნივთის შეკეთება, ან უკან დაბრუნება. არის ასევე ნაკლიანი მომსახურების მიწოდება და საქონლის მიწოდება არასათანადო ვადებში” – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, სააგენტოში შესული განცხადებების, დაახლოებით, 80%-ზე მეტი თბილისიდანაა. როგორც ლექვინაძემ განაცხადა, სააგენტოში შესული საკითხები, ძირითადად, შეთანხმებით მთავრდება, რაც შემდეგს გულისხმობს: როდესაც საკითხის შესწავლა იწყება, მოვაჭრე ხშირად გამოთქვამს სურვილს, რომ შესწავლა არ გაგრძელდეს და მზადაა, მომხმარებელს შეუთანხმდეს.

“სექტორებს რომ შევხედოთ: ძირითადად, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით მოგვმართავენ. ყველაზე ხშირად ეს მაინც ტანსაცმლით და ტექნიკით ვაჭრობას ეხება. ეს ყველაზე მოცულობითი სფეროა. ასევე ხშირია შემთხვევები, რომელიც გადამზიდ კომპანიებს უკავშირდება. ერთ-ერთი გახმაურებული “ქეისი” 2023 წლის დასაწყისში გვქონდა. თუმცა, ძალიან ბევრ გადამზიდ კომპანიებთან მიმართებითაც (ლოჯისტიკა, ტრანსპორტის მიმართულებით) არაერთი განაცხადია მიღებული. საბითუმო და საცალო ვაჭრობის შემდეგ, ეს რიგით მეორე მოცულობითი სექტორია. განცხადებების დაახლოებით 80%-ზე მეტი თბილისიდანაა. თბილისში ცნობიერება უფრო მაღალია, სავაჭრო ობიექტების, მოვაჭრეების ობიექტების რაოდენობის კუთხით თბილისი გამორჩეულია. შემდეგ არის აჭარა, იმერეთი, ა.შ. როდესაც ჩვენთან საკითხები შემოდის, ეს, ძირითადად, შეთანხმებით მთავრდება. შეთანხმება შემდეგს გულისხმობს: როდესაც საკითხის შესწავლა იწყება, მოვაჭრე ხშირად გამოთქვამს სურვილს, რომ შესწავლა არ გაგრძელდეს და მზადაა, მომხმარებელს შეუთანხმდეს, ან თანხა დაუბრუნოს, შეუცვალოს, ან შეუკეთოს ნივთი, საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა გაასწოროს. ჩვენთან არსებული “ქეისები” , ძირითადად, ასეთი მორიგებით სრულდება. ეს მომხარებლებისთვისაც სასარგებლოა და მოვაჭრეებისთვისაც, რადგანაც საქმე დაჯარიმებამდე არ მიდის, მომხმარებელი ასეთი გარიგების შედეგად პირდაპირ სარგებელს იღებს. შარშანდელი მონაცემებით, ასეთი გარიგებების შედეგად, ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით და შეფასებით, მომხმარებლებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, დაახლოებით, 500 000 ლარზე მეტი პირდაპირი სარგებელი მიიღეს.”- განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს,  სხვადახვა მოვაჭრისთვის,  დაახლოებით, 70 000 ლარამდე   ჯარიმაა  დარიცხული.

“მიმდინარე წელს დარღვევები გაზრდილია.  უფრო მეტი “ქეისია”,  სადაც დარღვევა დავაფიქსირეთ. დამრღვევები, ძირითადად, მცირე და საშუალო კომპანიები, ან ფიზიკური პირები არიან, რომლებიც ონლაინ, ძირითადად, სოციალურ ქსელებში  ვაჭრობენ.  ბევრ ჩვენგანს შემხებლობა აქვს  Instagram-ზე,   Facebook-ზე  სხვადასხვა გვერდთან, რომელიც მაგალითად, ტანსაცმელს, ტექნიკას , თუ სხვადასხვა ნივთს ყიდის.  ხშირ შემთხვევაში წარმოიშობა პრობლემები  იმიტომ, რომ შემოთავაზებული ნივთი არ აკმაყოფილებს   იმ მოთხოვნებს,  რა მოთხოვნებითაც  მომხარებელს ამ ნივთის მიწოდებას სთავაზობდნენ.  ძალიან ხშირია,  როდესაც დაგვიანება ხდება.      ყველაზე ხშირად დამრღვევი კომპანია  არის თბილისში ძალიან ცნობილი  “დილსი”,  რომელიც არაერთხელ დავაჯარიმეთ. მიუხედავად არაერთხელ დაჯარიმებისა,  ძალიან ხშირად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ეს არის  ძალიან არაკეთილსინდისიერი კომპანია, რატომღაც, მომხმარებელიც არ ელევა ამ კომპანიას და ხშირად მოგვმართავენ,   კომპანიასთან მიმართებაში პრობლემები აქვთ.    მიმდინარე წელს დარღვევების  რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.  დარღვევების მინიმალური თანხაა 600 ლარი, მაქსიმუმი ბრუნვიდან გამომდინრე იწყება,  2 %-მდე მაჩვენებლით.  მიმდინარე წელს,  სხვადასხვა მოვაჭრისთვის,  დაახლოებით, 70 000 ლარამდე   ჯარიმა გვაქვს დარიცხული,  ” – განაცხადა ლექვინაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები