გიორგი ჩაკვეტაძე – ვან დენ ბერგის განცხადებაზე: ახალგაზრდობას არასდროს ეშლებოდა და არავისგან ესწავლებოდა ისტორიის სწორ მხარეს დგომა, მათი უდიდესი ნაწილი დგას სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების სადარაჯოზე, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ევროპარლამენტარ ვან დენ ბერგის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ქართველ ახალგაზრდებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი და მთავრობა სხვა გზას ირჩევს.

ჩაკვეტაძის თქმით, ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი დგას სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების სადარაჯოზე, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაზე მეტი გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ „ახალგაზრდულ კამპანია 2024”-ში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ჩართულობა და მობილიზაცია უპრეცედენტოა.

„ევროპარლამენტარ ვან დენ ბერგს უთქვამს, ქართველ ახალგაზრდებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი და მთავრობა სხვა გზას ირჩევსო…

რთულია ამ განცხადებაზე სერიოზული კომენტარი, მაგრამ მაინც უნდა ვუპასუხოთ.

ახალგაზრდობას არასდროს ეშლებოდა და არავისგან ესწავლებოდა ისტორიის სწორ მხარეს დგომა. ჩვენი მოქალაქეებისა და მათ შორის ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი დგას სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების სადარაჯოზე. ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაზე მეტი გააკეთა.

მჯერა, ახალგაზრდები საქართველოს განვითარების გზაზე სიარულს ღირსებით გააგრძელებენ. გარედან კი, არავის აქვს უფლება საკუთარი აზრები ვინმეს თავს მოახვიოს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაერიოს.

„ახალგაზრდულ კამპანია 2024”-ში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ჩართულობა და მობილიზაცია უპრეცედენტოა. ყოველდღიურად უამრავი ახალგაზრდა გვიერთდება. პროექტებში ათასობით ახალგაზრდაა ჩართული.

დარწმუნებულო ვარ, 26 ოქტომბრის დამაჯერებელ გამარჯვებაში ახალგაზრდობა თავის სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვის!“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები