ზესტაფონში ქალაქის მთავარი სახალხო დღესასწაული – “ზესტაფონქალაქობა” გაიმართა

ზესტაფონში ქალაქის მთავარი სახალხო დღესასწაული – “ზესტაფონქალაქობა” გაიმართა.
ზესტაფონის მერიის ცნობით, აღმაშენებლის ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები კულტურულ, შემეცნებით, მხატვრულ, მუსიკალურ და საბავშვო – გასართობ აქტივობებს აერთიანებდა.
სადღესასწაულო ღონისძიებები ოფიციალური მიღებით დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დამეგობრებული ქალაქების ( ტაურაგე – ლიეტუვა, ტჩევი – პოლონეთი) დელეგაციებს შეხვდნენ.
საზეიმოდ გაიხსნა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ჩემპიონთა სახელობის სკვერი
გაიმართა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებული, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია ფულადი პრიზებით.
დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებისთვის.
გამოვლინდნენ “ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები”.
“ზესტაფონობის” ღონისძიებებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ასევე იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები იღებდნენ. ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები