სპორტის სამინისტრომ ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას აგრძელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ინვენტარი და ეკიპირება ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს.

,,ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოს რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სპორტული დაწესებულებების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას დაესწრო ცნობილი ქართველი ვეტერანი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გია ლაბაძეც.
„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში 2023 წელს სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფმა 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. მუნიციპალიტეტებში აღმოჩნდა სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების მწვავე დეფიციტი. არსებული ინვენტარისა და ეკიპირების ნაწილი დაზიანებული იყო და შეცვლა სჭირდებოდა, ეს გარემოება კი ნეგატიურად აისახებოდა ვარჯიშებისა და წვრთნების ხარისხზე, ზრდიდა ტრავმების რისკს და აფერხებდა სპორტის განვითარებას. მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ მიმართა შპს „სპორტმშენსერვისს“, რომელმაც შეიძინა სპორტსმენთა ეკიპირება და სპორტული ინვენტარი. სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლებისა და დაწესებულებებისთვის, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის კომპანიამ შეიძინა 3 788 620 ლარი ღირებულების 8 355 ერთეული სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა – მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პირველად ჩატარდა საჭიროებების მონიტორინგი და ამ რეგიონების სპორტულ ორგანიზაციებს ინვენტარი პირველად გადაეცა.
თითოეულ მუნიციპალიტეტს ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მწვრთნელებისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, კერძოდ: ა(ა)იპ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებას – ნინოწმინდის კომპლექსურ სპორტულ სკოლას გადაეცა მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, მაგიდის ჩოგბურთის ბურთები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები, ბარიერები და ბაგირი.
ა(ა)იპ ახალქალაქის სპორტულმა სკოლამ საჭიდაო ხალიჩა, ფეხბურთის ბურთები, მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის გადასაცმელები, მოედნის მოსანიშნები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, კალათბურთის ბურთები, გირები, კრივის ტომრები, კრივის ხელთათმანები, ლახტები, სავარჯიშო რეზინები, შტანგის სიმძიმეები, ჰანტელები, ბაგირები, სავარჯიშო ბურთები და სასწორები მიიღო.
ა(ა)იპ ასპინძის სპორტის გაერთიანებას ტატამი, საჭიდაო ხალიჩა, სავარჯიშო, საჭიდაო მანეკენები, მეკარის ხელთათმანები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, რაგბის ბურთები, ფეხბურთის ბურთები, ფეხბურთის გადასაცმელები, მოედნის მოსანიშნები, გირები, შტანგის სიმძიმეები, ჰანტელები, ლახტები, სავარჯიშო რეზინები, ბაგირები და სასწორები გადაეცა.
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტულმა გაერთიანებამ მძიმე ჟილეტები, ბაგირები, ლახტები, კროსფიტის თოკები, კიმონოები, სასწორები მიიღო.
ა(ა)იპ ადიგენის კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ სავარჯიშო, საჭიდაო მანეკენები, კალათბურთის ბურთები, რაგბის ბურთები, ფეხბურთის ბურთები, ფეხბურთის ფორმები, მეკარის ხელთათმანები, ფიშკები და სავარჯიშო კიბეები მიიღო.
ა(ა)იპ ბორჯომის სპორტულ სკოლას სათხილამურო ჯოხები, სათხილამურო ჩაფხუტები, სათხილამურო სათვალეები, სპორტული ციგები, რადიოგადამცემები, თხილამურის უთო, ბიატლონის ფეხსაცმელები და ბიატლონის თხილამურები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინვენტარს არა მარტო სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ. სპორტული ინვენტარი და ეკიპირება მუნიციპალიტეტებსა და ფედერაციებს ეტაპობრივად გადაეცემა”,- წერია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები