ხატია წილოსანი: ერიკ კროსის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ემსახურება ჩვენი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას და რომელსაც 612 დეპუტატიდან მხოლოდ 24 შეუერთდა

ერიკ კროსმა და მისმა ორგანიზებულმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე რეალურ პროცესებს და ემსახურება ჩვენი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.

საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომზადებულ დოკუმენტზე, სახელწოდებით „არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები“, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს. დოკუმენტში ნათქვამია: „საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“.

დეპუტატის თქმით, დოკუმენტის ხელმომწერები ძირითადად „ალდეს“ ჯგუფის სახელით წარმოდგენილი დეპუტატები არიან, ეს ჯგუფი კი დაკავშირებულია „სტრატეგია აღმაშენებელთან“.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ერიკ კროსმა და მისმა ორგანიზებულმა ჯგუფმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე რეალურ პროცესებს და ემსახურება ჩვენი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მნიშვნელოვანია, რომ 612 დეპუტატიდან მხოლოდ 24 ადამიანი შეუერთდა მის ამ განცხადებას, ძირითადად „ალდეს“ ჯგუფის სახელით წარმოდგენილი დეპუტატები. ეს ჯგუფი არის დაკავშირებული „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და საზოგადოებისთვის ალბათ აღარ ტოვებს კითხვებს, რომ დელეგაცია, რომელიც ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს, მიუკერძოებლობის კუთხით გარკვეულ კითხვებს ტოვებს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ჰქონდეს უტყუარ ფაქტებზე ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მათი ინფორმაცია არ იქნება გაზიარებული სადამკვირვებლო მისიის მიერ“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები