„იმედი გვაქვს, უკრაინელი საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს ჩვენს ხალხებს შორის უნდობლობის დათესვის მცდელობებს“ – საზოგადოება ,, ქართული” უკრაინელ ხალხს მიმართავს

,,ახლა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში რთული პერიოდია და უკრაინის ხელისუფლებების მცდელობებით წარმოქმნილი პრობლემები, მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის საზოგადოებების მტკიცე პოზიციამ შეიძლება აღმოფხვრას” – ნათქვამია წერილში, რომელიც საზოგადოება

,, ქართულის” ფეისბუქ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

მიმართვა ქართულ – უკრაინული მეგობრობის ისტორიული მაგალითებით იწყება და შემდეგ ქრონოლოგიურად ჩამოთვლილია ის მიზეზები, რამაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაძაბულობა გამოიწვია.

,,უკრაინის ხელისუფლება ახლაც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოსვლას, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად.
მთავრობები და პოლიტიკოსები დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან, არც დღევანდელი ლოკალური სახელმწიფო მიზნებია სამუდამო, არც ეს ომი გაგრძელდება უსასრულოდ. მარადიული ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობაა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და არ უნდა მივცეთ პოლიტიკურ ძალებს საშუალება, ისეთი ნაჭრილობევი დატოვონ ურთიერთობებში, რომელთა დავიწყებას თაობები დასჭირდება. ” – წერენ საზოგადოება
” ქართულის” საინიციატივო ჯგუფის წევრები.

,, ქართველ და უკრაინელ ხალხებს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, რომელსაც დიდი მოფრთხილება სჭირდება. „ რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას. მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი,“ – ეს სიტყვები დიდ უკრაინელ პოეტს ლესია უკრაინკას ეკუთვნის, რომლის აღდგენილი სახლმუზეუმი მალე გაიხსნება. მას უყვარდა საქართველო, ქვეყანა, რომელმაც მიიღო და თავი მეორე სამშობლოში აგრძნობინა. ისევე, როგორც დიდ ქართველ პოეტს, დავით გურამიშვილს სამშობლოდან შორს ყოფნისას ნუგეში და გადარჩენა მისცა უკრაინამ.
ჩვენ დღემდე გვტკივა და ვგლოვობთ მეორე მსოფლიო ომში უკრაინის გასათავისუფლებლად დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს. მხოლოდ ქერჩთან, გმირულად დაიღუპა 120 000 ქართველ მეომარი. ვმადლობთ იმ უკრაინელებს, რომლებიც აფხაზეთში ჩვენს გვერდით ებრძოდნენ ოკუპანტს და პატივს მივაგებთ უკრაინაში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, რომელთაგანაც 50-ზე მეტი უკვე შეეწირა უკრაინისთვის ომს.
ეს ისტორიაცაა და დღევანდელობაც. მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში რთული პერიოდია და უკრაინის ხელისუფლებების მცდელობებით წარმოქმნილი პრობლემები, მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის საზოგადოებების მტკიცე პოზიციამ შეიძლება აღმოფხვრას. ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის, უკრაინელი საზოგადოებისთვის მოგვემართა და ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის წუხილი გადმოგვეცა:
გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო და დაუშვებლად მიიჩნია ჩვენთან პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების თემატიკის გამოყენება.
ქართველი საზოგადოება და სახელმწიფო ერთმნიშვნელონად მხარს უჭერს უკრაინის სამართლიან ომს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ეს მოწოდება. ჩვენს ხელისუფლებას ხომ იუმორისა და ქილიკის საგნად არ გაუხდიათ უკრაინელების თავდადება, როგორც ეს თქვენმა დღევანდელმა პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გააკეთა და რისთვისაც აქამდე ბოდიში არ მოუხდია. ჩვენი მთავრობა კი ამ მაგალითს იყენებს იმისთვის, რათა აჩვენოს უკრაინაში რუსეთის მხრიდან ამ უსამართლო ომის საშინელება და გაუადვილოს ქართველ ხალხს სწორი არჩევანის გაკეთება მშვიდობისთვის. ასევე გაუგებარია, რისი თქმა უნდოდა საგარეო სამინისტროს, როცა აღნიშნავს , რომ „ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია“.
არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ, ფაქტია, ეს ორივე ნარატივი საქართველოში სწორედ იმ ხალხმა აიტაცა, ვინც საქართველოს დღემდე დამღუპველი მეორე ფრონტისკენ ექაჩება. პოლიტიკოსებმა, ვინც არაერთგზის განაცხადეს, რომ საქართველოში მშვიდობას ამჯობინებენ რაკეტების ცეცხლს და ომს.
ჩვენ, როგორც ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმა, უკრაინელ მეგობრებს გვინდა ავუხსნათ, თუ რეალურად რა დგას ასეთი განცხადებების უკან და რამ შეიყვანა ჩიხში ქართულ-უკრაინული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.
თითქმის სამი წელია, უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომს შეეწირა ათასობით მებრძოლი, მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვები, განადგუბულია ქალაქები და სოფლები, მილიონობით ადამიანი გახდა დევნილი. რუსული ოკუპაციითა და სისასტიკით გამოწვეული ეს ტკივილი, გვერწმუნეთ, ისე არავის ესმის, როგორც ქართველ ხალხს, რომელმაც ბოლო 30 წელია, სამი სრულმასშტაბიანი ომი გადაიტანა რუსეთთან, ოკუპირებულია ჩვენი ძირძველი ისტორიული მიწების 20 და იძულებით გადაადგილებულია მოსახლეობის 10 პროცენტი. ამიტომაც, ქართველებმა კარგად ვიცით, როგორც მშვიდობის, ისე ომის ფასი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება, ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული მშვიდობის შენარჩუნების სურვილს ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ინტერპრეტაციით ფუთავს და არამეგობრულ ნაბიჯებს დგამს. ქართველებს არასოდეს დაგვცდენია სამდურავი უკრაინელების მიმართ, ის თქვენს პოლიტიკურ ელიტას ეკუთვნის, რომელმაც თავშესაფარი მისცა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების გაქცეულ მაღალჩინოსნებს. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელთა მიერ არჩევნების გზით ჩამოცილებული და დანაშაულში მხილებული ჩინოვნიკები საქართველოში მიგვეღო და აქაური სამთავრობო თანამდებობები ჩამოგვერიგებინა. უკრაინის ხელისუფლებებმა კი სასამართლოს მიერ დანაშაულებში მხილებული პირები გამომწვევად შეიფარეს და უმეტესობას წამყვანი თანამდებობები უბოძეს. დიპლომატიური ეტიკეტით ეს არამეგობრული ნაბიჯებია და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ სიმპათიებს ან ინტერპრეტაციებს სამართლიანობაზე. უბრალოდ, მეგობრები ასე არ იქცევიან.
საქართველოს მაშინაც კი არ დაუყენებია ეჭვქვეშ პარტნიორული ურთიერთობები და ხალხებს შორის მეგობრობა, როცა, უკრაინელი ჩინოვნიკების ხელშეწყობით, ყოფილი პრეზიდენტი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არეულობის მოსაწყობად და სისხილიანი რევანშისათვის 2021 წელს, არჩევნების წინ, საქართველოში შემოაპარეს.
ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მტკივნეული იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჩვენი ქვეყნიდან ელჩის გაწვევა „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარდა, ინდივიდულური ეკონომიკური სანქციები რუსეთს არ დაუწესა მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ისრაელმა. არადა ელჩი რატომღაც მხოლოდ საქართველოდან გაიწვიეს. ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, რომ უკრაინას ელჩი არ გაუწვევია ბელარუსიდან, საიდანაც უკრაინაზე რუსეთის პირველი თავდასხმა განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები