ირაკლი კობახიძე – ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, რაც აღკვეთეს პოლიციელებმა, ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ის, რომ 2008 წელს ომგამოვლილი ორი ადამიანი დაგვისანქცირეს, ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა

ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვა პოლიციელებთან ერთად აღკვეთეს რევოლუცია ამ ქვეყანაში და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ის, რომ 2008 წელს ომგამოვლილი ორი ადამიანი დაგვისანქცირეს, ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა, რასაც ჩვენ ყოველთვის პასუხს გავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა, რაც მიუღებელია, რადგან შეურაცხყოფს სახელმწიფოს ძალიან უხეში ფორმით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს – დეპარტამენტის უფროსს და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რომლებსაც ნაბრძოლი აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომში, ამ ადამიანებს ომი აქვთ გამოვლილი და ასანქცირებენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. თან სანქცია თავისი შინაარსით არის ისეთი, რომ უთანაბრდება სისხლის სამართლის სასჯელს. კიდევ კარგი, იცავს ქართული სახელმწიფო ამ ადამიანების ინტერესებს, თორემ წარმოიდგინეთ, მთლიანად რომ ამოგიღონ სამოქალაქო ბრუნვიდან, შეგიზღუდონ ყოველგვარი წვდომა საბანკო ტრანზაქციებზე – ეს ერთგვარი „აპოკალიპტური” სანქციაა. მახსოვს, ბავშვობაში არსებობდა ასეთი წინასწარმეტყველება და ვერ ვიგებდი, რას შეიძლება ნიშნავდეს. თუ არ მიიღებ გარკვეულ ნიშანს, ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს იყიდი, ვერც ვერაფერს გაყიდი, სულ მაინტერესებდა, ფიზიკურად როგორ შეიძლება ეს მოხდეს და ამის ერთგვარი იმიტაციაა, რაც მოხდა ამ ორი პოლიციელის შემთხვევაში. დაუპირეს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება, უბრალოდ სახელმწიფომ შეძლო მათ ინტერესების თვისებრივად დაცვა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის სასჯელის ტოლფასი სანქცია შეუფარდეს, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გარდა ამისა, ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი საშუალება, სასამართლო წესით დაიცვან საკუთარი ინტერესები.

„სასამართლო დაცვის გარანტია არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან. არის სასჯელის ტოლფასი სანქცია, შენ ვერ იცავ სასამართლო წესით თავს, სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თავი მოაქვთ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები ამ ქვეყანაში. ამას ემატება ის, რომ არის ორი ადამიანი, რომელიც იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში და ამ ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გვისანქცირებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის შეურაცხმყოფელი ამ სახელმწიფოსთვის და ამ სახელმწიფოს პატრიოტი მოქალაქისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს არის შანტაჟის მცდელობა, რასაც ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. ეს ორი ადამიანი დასაჯეს რის გამო? ჩვენ ვსაუბრობთ არა ამერიკულ ინსტიტუტებზე, არამედ გლობალურ ომის პარტიაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები