პრემიერი – ლოგიკური იყო, რომ გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნოდ და არა არჩევნების შემდეგ, ამით მან საშუალება მისცა ახალ მინისტრს, მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს

ლოგიკური იყო ის, რომ გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ, ამით მან მისცა საშუალება ახალ მინისტრს, რომ მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე – უკავშირდებოდა თუ არა მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან კავშირი არ აქვს.

„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციას, აქ პატარა ქარიშხალია პატარა ჭიქაში. მინისტრის გადადგომასთან არაფერ შუაშია ეს საკითხი. გიორგი ამილახვრის  გადაწყვეტილების დასაბუთება იყო შემდეგი – მას უნდოდა, ზოგადად, კერძო სექტორში დაბრუნება. მე, პირადად, ძალიან ახლო პიროვნული ურთიერთობა მაქვს მასთან და მესაუბრებოდა ამ სურვილთან დაკავშირებით. რაც შეეხება თარიღს, თარიღთან დაკავშირებით, შემდეგი ლოგიკით იყო მისგან დასაბუთებული ეს გადაწყვეტილება – მოგეხსენებათ, ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე და ეს პროგრამა უნდა განხორციელდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მისი ლოგიკა იყო და ჩვენც, საბოლოო ჯამში, გავიზიარეთ, რომ სასურველია უკვე ამ ეტაპზევე პროგრამის მომზადებაში ჩართული იყოს ის ადამიანი, რომელიც შემდეგ პასუხისმგებელი იქნება ამ პროგრამის აღსრულებაზე. შესაბამისად, ლოგიკური იყო ის, რომ მინისტრმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ. მან მისცა საშუალება ახალ მინისტრს, რომ თავადაც მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები