ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, და როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში მას ხვდებიან, ამით გამოხატავენ უხეშ უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ

საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც სამწუხარო მოვლენაა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს, პატივი სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება.

„მომავალი წლის დასაწყისში დასრულებული იქნება არჩევნები, აქაც, იქაც; მეორე – სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მესამე – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში აუცილებლად დასრულდება ომი უკრაინაში, ეს არის ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას. ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც სამწუხარო მოვლენაა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს პატივი სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს – მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, ამით ისინი გამოხატავენ უხეშ უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ეს მეტყველებს გარკვეული ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიმჩნევა კონკრეტულ ქვეყნებში. როდესაც პატივს არ სცემ კანდიდატი ქვეყნის კონსტიტუციას, ეს არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები