“ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველანაირი ფორმატი, მათ შორის, ყველანაირი გამოწვდილი ნაბიჯი თუ გაკეთებული განცხადება პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ” – წილოსანი

“ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველანაირი ფორმატი, მათ შორის, ყველანაირი გამოწვდილი ნაბიჯი თუ გაკეთებული განცხადება პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველმა გადადგა ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ბოდიშის მოხდით და მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით.

„კარგია თავად ფაქტი, რომ ჩვენი ამ პოლიტიკის წარმოების შემდეგ, აქტიურად დაიწყო ერთმანეთთან საუბარი შერიგების, ერთმანეთის დაბრუნების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე. ჩვენ პირველმა გადავდგით ნაბიჯი, მათ შორის ბოდიშით და პოზიტიური დამოკიდებულებით, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ ჩვენს დებს და ძმებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვუთხარით, რომ მათთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა. მოდით, შევთანხმდეთ,რომ საკმაოდ შემსუბუქებულია რიტორიკა და არის გარკვეული პოზიტიური კომპონენტები, რაც ჩვენი მხრიდან ასევე პოზიტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ყველა განცხადებას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება იმ კუთხით, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს. რაც მთავარია, გახსნილია დისკუსია ამ თემაზე იმიტომ, რომ ჩაკეტილი დისკუსიის და ბუნდოვნად ხედვის პირობებში, ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არანაირი შანსი არ გვექნება. იმ პირობებში, როცა უკვე გავხსენით სასაუბრო პლატფორმა, მათ შორის ვიღებთ გარკვეულ უკუკავშირებს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საუკეთესო მიზნებისთვის გამოყენებას ვაპირებთ“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, “მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები ამით დაინტერესდებიან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები