დმანისის თეატრი ლევილის მამულის შემოქმედებით რეზიდენციაში ახალ სპექტაკლზე მუშაობს

ლევილის მამულის შემოქმედებითი რეზიდენცია უცხოეთში საქართველოს კუთვნილი პირველი და ერთადერთი ასეთი სივრცეა. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების შემდეგ ამ რეზიდენციას ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი სტუმრობს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დგამს სპექტაკლ „ჰომო ერექტუსს”.
მიმდინარე წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სრულად განახლებული დმანისის თეატრის შენობა სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი სიხარულიძის, ეს სპექტაკლი, რომლის თანაავტორია მეცნიერი და არქეოლოგი ჯუმბერ კოპალიანი, პირველ ევროპელებს ეხება და ეს თემა დმანისის თეატრისთვის სიმბოლურია.
ამის შემდეგ ლევილის სარეზიდენციო სივრცე უმასპინძლებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრს, თოჯინების სახელმწიფო თეატრს, მოგვიანებით კი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრები აქ ერთობლივ სპექტაკლს დადგამენ.
აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში მომზადდა დმანისის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი, რისთვისაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 188 000 ლარი გამოყო. პროექტის განსახორციელებლად კულტურის სამინისტრომ 4 900 000 ლარი გამოყო, რომლის ფარგლებშიც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დარბაზს, თეატრის სარგებლობაში არსებულ სივრცეებსა და მსახიობების საცხოვრებელ სახლს. ასევე, თეატრის ეზოში ცალკე აშენდა 125 კვ. მეტრის ფართობის მსახიობთა სარეპეტიციო და ადმინისტრაციული შენობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ – თეატრი იქნება საერთაშორისო დონის და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების განათებითა და გახმოვანების აპარატურით, მოეწყობა 200-მდე მაყურებელზე გათვლილი დარბაზი.
1990 წელს დმანისში თეატრ-სტუდიის „ქვემო ქართლი“ დაარსება სხვა თანამოაზრეებთან ერთად ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელს უკავშირდება. სწორედ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელს ატარებს დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელმაც 2022 წლიდან, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ახალი ცხოვრება დაიწყო. კერძოდ: 408 462 ლარამდე გაიზარდა თეატრის წლიური ბიუჯეტი, რომელიც მანამდე 26 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა; სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა: 2023 წელს გაიზარდა 545 000 ლარამდე, 2024 წელს კი – 575 000 ლარამდე. თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი სიხარულიძის, ხელმძღვანელობის პირობებში ახალგაზრდა მსახიობებისგან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი დასი; თეატრს გამოეყო დაფინანსება სადადგმო ხარჯისათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი რეგიონში უფრო გაძლიერდება კულტურული და შემოქმედებითი პროცესები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები