გიორგი ტყემალაძე: ციციშვილის პარკის რეაბილიტაციის დასრულებით თბილისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა თბილისში ე.წ. ციციშვილის პარკის რეაბილიტაციის შესახებ.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დედაქალაქს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე შეემატა.

„ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში დასრულდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია. ე.წ. ციციშვილის პარკი სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და ყველა ასაკის დამსვენებლებისთვის არის გათვალისწინებული. აღნიშნული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან მიცემული დაპირების შესაბამისად განხორციელდა. მსგავსი პროექტების განხორციელება და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პარკი 24 600 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის ხუთი შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები