საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დასაქმება შესთავაზა

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი – გოგიტა თოდრაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დასაქმება შესთავაზა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი – ზურაბ ხონელიძე ესწრებოდა.

“გოგიტა თოდრაძემ სტუდენტებთან დეტალურად ისაუბრა აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ.

მისი თქმით, სტუდენტებს სპეციალური ტრენინგის შემდეგ, აღწერის პროცესში ინტერვიუერის პოზიციაზე ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულია თავისუფალი გრაფიკი, ხოლო პერიოდი ორ კვირას მოიცავს.

შეხვედრაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა – ზურაბ ხონელიძემ სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღწერის მოცულობით საქმიანობაში უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერა გამოხატა.

სტუდენტებისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა, ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ – მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები