კაცი, რომელიც მგლებთან ერთად ცხოვრობდა – მარკოს როდრიგეს პანტოიას ისტორია
მარკოს როდრიგეს პანტოია ისტორია არის ამბავი კაცზე, რომელიც მგლებთან ერთად გაიზარდა. შვიდი წლის ასაკში მარკოსი ესპანეთში, სიერა მორენას მთებში მიატოვეს. სიცოცხლის მომდევნო 12 წელიწადი მან ცივილიზაციისგან შორს, მგლების ხროვაში გაატარა.
მარკოსი ღარიბ ოჯახში დაიბადა და დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ ის ადგილობრივ მწყემსს მიჰყიდა, მთაში ცხვრების მოვლაში დასახმარებლად. თუმცა, მწყემსი მალე გარდაიცვალა და ბიჭი მარტო აღმოჩნდა ველურ ბუნებაში. ხალხის გარეშე დარჩენილი მარკოსი იძულებული გახდა, ესწავლა საკუთარი თავის გადარჩენა. ის აკვირდებოდა ცხოველების ქცევას, იმახსოვრებდა მათ ჩვევებს და მალევე გახდა მგლების ხროვის ნაწილი.
მგლებმა ის თავიანთ ოჯახში მიიღეს. ბიჭმა ისწავლა ნადირობა და მათთან ურთიერთობა. ის ჭამდა უმ ხორცს, სვამდა წყალს მდინარეებიდან თუ ტბებიდან და ეძინა ცხოველების გვერდით, რომლებიც ცივ ღამეებს უთბობდნენ. ასეთი ცხოვრება გაგრძელდა მანამ, სანამ ესპანეთის ხელისუფლებამ 19 წლის „ადამიანი-მგელი“ არ იპოვა.
როდესაც მარკოსი ადამიანთა საზოგადოებაში დაბრუნდა, ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა. ბიჭს დავიწყებოდა ლაპარაკი და ადამიანური ჩვევების დიდი ნაწილი მისთვის უცნაური და გაუგებარი იყო. ცხადია, მისმა ისტორიამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მარკოსი გახდა სიმბოლო იმისა, თუ რამდენად შორს შეიძლება, წავიდეს ადამიანი ცივილიზაციისგან და გახდეს ნამდვილი ბუნების ნაწილი.
მოგვიანებით მარკოსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მგლებთან გატარებული წლები მისთვის საუკეთესო იყო. ველურ ბუნებაში ის თავს თავისუფლად და დაცულად გრძნობდა, ძველი ცხოვრება კი, საზოგადოებაში დაბრუნებიდან მრავალი წლის შემდეგაც ენატრებოდა.