პარლამენტმა სახელმწიფო უწყებებს დაავალა 2023 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული ცალკეული რეკომენდაციების შესრულება

27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე,” – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უწყებებს დაავალა 2023 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული ცალკეული რეკომენდაციების შესრულება.

სახალხო დამცველმა 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახელმწიფო უწყებებს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალურ ორგანოებს, ასევე თანამდებობის პირებს 301 რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 74,42% გაიზიარა (მათგან დაახლოებით 12% კი ნაწილობრივ არის გაზიარებული). რეკომენდაციების დანარჩენი ნაწილი არ აისახა პარლამენტის დადგენილებაში ან მათში არსებითი ცვლილებების განხორციელების საფუძვლით არ ითვლება გაზიარებულად.
საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად 270 დავალება გასცა. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების ნაწილი აცდენილია სახალხო დამცველის რეკომენდაციების სულისკვეთებას, მათ ფორმულირებაში შეტანილი არსებითი ცვლილებების გამო და სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით არ წარმოადგენს სახალხო დამცველის რეკომენდაციიდან გამომდინარე დავალებას. დამატებით, ზოგიერთი დავალება განმეორდა და დადგენილებაში ორჯერ არის წარმოდგენილი (დუბლირებული დავალებები) და ა.შ. დეტალური ანალიზი და მონაცემები სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებლის თაობაზე აისახება სპეციალურ ანგარიშში – პარლამენტის წინამდებარე დადგენილების შესრულების თაობაზე, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი მოამზადებს უწყებებისადმი დავალების შესასრულებლად მიცემული ვადის ამოწურვის შემდგომ, კერძოდ, 2025 წლის მარტის შემდგომ პერიოდში.
სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია იმ რეკომენდაციების რაოდენობა, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა დადგენილებაში. კერძოდ, 2023 წლის დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის 23 რეკომენდაცია, ეს მაჩვენებელი 2022 წელსაც 23 რეკომენდაცია იყო, ხოლო 2024 წლის დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშის 44 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციების ნუსხა თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართის სახით.
დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპამდე არ ჩატარებულა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო და შემუშავებულიყო დასკვნა პარლამენტის 2023 წლის დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, მის მიერ გაცემული, შესასრულებლად სავალდებულო დავალებების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ხოლო თავის მხრივ გამოთქვამს მზაობას, ყველა ფორმატში ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების სრულყოფილად შესრულების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები