სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის 40 მილიონი ლარია განსაზღვრული
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის წელს 40 მილიონი ლარია განსაზღვრული. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დღეს მთავრობის სხდომაზე 6 მილიონი ლარი გამოიყო. ეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში სტუმრობისას სოფელ შემოქმედის მოსახლეობას მიაწოდა.
„ჩემი თვალით ვნახე რაც ხდება აჭარასა და გურიის რეგიონში. ყველა სამსახური არის მობილიზებული, არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა ყურადღების გარეშე. მე თავად გავეცანი სტიქიის შედეგად არსებულ მდგომარეობას. ზარალი იქნება დათვლილი და მოხდება მოსახლეობის კომპენსირება. დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვყავით 6 მილიონი ლარი ოზურგეთის რაიონისთვის,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს მთავრობის მეთაური სოფელ შემოქმედში სტიქიის შედეგად დაზარალებული გუდავააძეების ოჯახს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ადგილობრივ მთავრობას და საგანგებო შტაბს ეფექტიანი მუშაობისთვის და მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა.