„სი-თი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება საერთაშორისო აუდიტორულ შემოწმებას გაივლის

საქართველოს მთავრობა დაეთანხმა თბილისის მერიას, რათა მან შპს „სი-თი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფინანსური და სამართლებრივი ანალიზის ჩატარების მიზნით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე შეარჩიოს. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა, ალექსანდრე მარგიშვილმა წარადგინა.
„საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივას, ჩატარდეს მერიის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ შპს „სი-თი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი და ფინანსური ასპექტების კომპლექსური ანალიზი. ვფიქრობთ, საკმაოდ შეზღუდულ ვადებში მივიღებთ კომპეტენტურ დასკვნას, რომელზეც კონტრაქტორი ვერ იტყვის, რომ ეს არის ცალსახად მხოლოდ თბილისის მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოზიცია, არამედ იქნება ობიექტური, გარედან დანახული და აღწერილი რეალობა“, – განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობა ელოდება პასუხებს კითხვებზე, თუ რამდენად კანონიერად და თბილისელების ინტერესების დაცვით გაფორმდა თავის დროზე ხელშეკრულება „სი-თი პარკთან“, რამდენად სამართლიანი იყო ის, რომ თბილისელებისთვის არ უკითხავთ 25-დან 50 ლარამდე პარკინგის საფასურის გაზრდა და ბევრი ის ცვლილება, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელდა. ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, შემოწმების შედეგად ხელშეკრულება ვერ გაუქმდება.
„ანალიზი და აუდიტის შედეგები გვაჩვენებს, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ხელშეკრულების ამჟამად არსებული პირობების შენარჩუნება. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ პირობებით ურთიერთობის გაგრძელებას. ყველაზე რეალისტური იქნება, რომ ხელშეკრულებაში სერიოზული ცვლილებები შევიდეს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები