გიორგი ცუცქირიძე: მეტად საინტერესო და გარკვეულწილად დამაინტრიგებელიც კი იყო თუ როგორი იქნებოდა მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი
“მეტად საინტერესო და გარკვეულწილად დამაინტრიგებელიც კი იყო თუ როგორი იქნებოდა მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, თუ როგორი იქნებოდა მისი ზეგავლენა მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, პირველ კვარტალში გასულ წელთან შედარებით შემცირებული საინვესტიციო ნაკადების გამო, რასაც მოგეხსენებათ ოპოზიციური საექსპერტო ჯგუფების მხრიდან არაერთი სპეკულაცია მოყვა,” – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 46 %-ით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და რეინვესტირების მაჩვენებლის გაზრდით. 2024 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია, ხოლო რეინვესტიციამ – 451.3 მლნ. აშშ დოლარი და მისი წილი 78.6 პროცენტით განისაზღვრა.
ნიშანდობლივია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია რეინვესტირების კუთხით, რაც წარმოადგენს სხვაობას მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის და ინვესტორების განწყობებზეც მიუთითებს.
ჩვენ ვხედავთ რომ მეორე კვარტალში განსაკუთრებით აპრილ-მაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტრესტო გამოსვლების ფონზე, რაც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას მოყვა, ინვესტორთა განწყობები მეტად პოზიტიური იყო, რადგან მოგების დიდი ნაწილი გავიდა არა დივიდენდებად, არამედ დარჩა ქვეყნის ეკონომიკაში და რაც ისევ ეკონომიკის ზრდაზე აისახა დადებითად.
ამ ფაქტორს იმიტომაც ვუსვამ ხაზს, რომ დღემდე ჩვენ ვისმენთ არაერთ სპეკულაციას და დამახინჯებულ ინფორმაციებს ინვესტორთა ვითომდა “შიშებზე” და იმედგაცრუებაზე მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო. ეს სპეკულაციები ახლა უკვე არჩევნების თემითაა გაჟღერებული, “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელ საინვესტიციო და ეკონომიკურ კოლაფსზე, ინვესტიციების გატანაზე, უმუშევრობის ზრდაზე და ა.შ.
პირიქით, საინვესტიციო განწყობები არის რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინდიკატორი, გაუმჯობესებულია და პოზიტიურ მოლოდინებზე მიუთითებს. არავინ მოსალოდნელი დესტაბილიზაციისას და გაურკვეველი მოლოდინებისას კაპიტალს არ ტოვებს ქვეყანაში!” – წერს გიორგი ცუცქირიძე.