“არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს” – მდინარაძე
“სანამ სხვა რამეს ვიტყვი, პირველ რიგში, გუშინდელი დღე, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი საამაყო დღე მინდა გაგახსენოთ და ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მივულოცოთ გამარჯვება და დიდი მადლობა ვუთხრათ. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გაუმარჯოს! ბიჭებს დიდი მადლობა!”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ახალციხეში განაცხადა.
“მივესალმები ყველა თქვენგანს, მივესალმები თქვენი საოცარი მხარის დელეგატებს საქართველოს პარლამენტში – ბატონ ანტონ ობოლაშვილს და ბატონ სამველ მანუკიანს მივესალმები, ამ საოცარ ხალხს, რომლებიც ძალიან ერთგულად, ჩვენი ქვეყნის ერთგულებით წარმართავენ თავიანთ საქმეს დღესაც და ასე გააგრძელებენ მომავალ პარლამენტშიც.
მივესალმები ახალციხეს, ახალქალაქს, ბორჯომს, ნინოწმინდას, ადიგენს, ასპინძას, ვალეს, ბაკურიანს, წაღვერს, ახალდაბას, აბასთუმანს და ყველა მათ მაცხოვრებელს – ხალხს, რომელმაც ძალიან კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია და განსაკუთრებით ტრადიციების მნიშვნელობა, ძალიან კარგად იცის მშვიდობით და სიყვარულით თანაცხოვრება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის. აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს – საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს და საკუთარ წარსულზე უარს ვერავინ ათქმევინებს, წარსულზე, რომელიც ასევე ღირსეული მომავლის მთავარი საფუძველია.
არ არსებობს, მეგობრებო, სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს, იმ ხარისხის პროგრესი და წინსვლა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარება, შეურაცხმყოფელიც კია უკვე. მაგალითად, ბოლო წლებია, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ალბათ, არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ ასეთი შედეგი შეიძლებოდა გვქონოდა ომით გარშემორტყმულ რეგიონში, ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში – ამას ებრძვიან სწორედ, ასეთი შედეგებია ვიღაცებისთვის მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება, საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ”, – განაცხადა მდინარაძემ.