სოლომონ პავლიაშვილმა ბაქოში, კლიმატის გამჭვირვალობის შესახებ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ბაქოში, კლიმატის გამჭვირვალობის შესახებ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში გამართული მაღალი დონის დიალოგი „კლიმატის გამჭვირვალობის წინსვლა გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩოში (FTF) საყოველთაო მონაწილეობის გზით“ მიზნად ისახავდა გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებას კლიმატის გამჭვირვალობის საკითხებში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეებს შორის ნდობის გაზრდას, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით ანგარიშვალდებულების შესახებ და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

სოლომონ პავლიაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს კლიმატის პოლიტიკისა და საანგარიშო სისტემების განვითარებაში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს ჩარჩო კონვენციის (COP 29) პრეზიდენტს, სამდივნოს და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ჩემი ქვეყნის სახელით მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო COP29-ის პრეზიდენტობას, სამდივნოს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს კლიმატის პოლიტიკისა და საანგარიშო სისტემების განვითარებაში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო გეგმავს ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR) წარდგენას ვადაზე ადრე.

ამ პერიოდის განმავლობაში ნათლად გამოვავლინეთ ჩვენი საანგარიშო სისტემების ძლიერი მხარეები, რომელთა გაზიარებაც შეგვიძლია ჩვენს კოლეგებთან, ასევე სუსტი მხარეები, სადაც საჭიროა დამატებითი მხარდაჭერა ჩვენი კლიმატის პოლიტიკის ანგარიშგების სიზუსტისა და სისრულის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გლობალური კლიმატის გამჭვირვალობის პლატფორმა (BTP) ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა და განვითარებადი ქვეყნებისთვის BTR-ის მომზადებაში მხარდაჭერაა.  ღონისძიებას 120-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები