კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის – „აია სოფიას ტაძრის აღმშენებლობა“ – პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის – „აია სოფიას ტაძრის აღმშენებლობა“ – პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, პროექტის ინიციატორი, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე, გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი, მთარგმნელი გვანცა კოპლატაძე, ბიზანტინოლოგი და მკვლევარი ოლგა ბერიძე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, პროფესორები და არქიტექტურის სფეროს წარმომადგენლები.
“როგორც ცნობილია, 2022 წლიდან კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დაიწყო იშვიათობად ქცეული წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა. ხოლო საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობისა და პროფესიონალთა საჭიროების გათვალისწინებით დაიბეჭდა ეს მცირე მოცულობის ფრიად საჭირო წიგნი.
წიგნში შესულია აია სოფიას ტაძრის აღმშენებლობის თაობაზე არსებული მეცხრე საუკუნით დათარიღებული ტრაქტატის ორი რედაქცია: პირველი – მეთორმეტე საუკუნეში ბერძნულიდან ძველ ქართულ ენაზე თარგმნილი, რომელიც მეცნიერულად შესწავლილი და გამოცემულია ოლგა ბერიძის მიერ და მეორე – ტრაქტატის თანამედროვე ქართულ ენაზე ბერძნულიდან ნათარგმნი ვერსია, რომელიც ბიზანტინოლოგმა გვანცა კოპლატაძემ თარგმნა. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია საქართველოს დამსახურებული არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე.
ამრიგად, ჩვენ უკვე გვაქვს წმიდა სოფიას ტაძრის აღმშენებლობის შესახებ არსებული ტექსტის ორი რედაქციისა: პირველი – რვაასი წლის წინანდელი, მეორე – ჩვენი დროისა. ამ ორი რედაქციის თანაარსებობა ერთ წიგნაკში (დაიბეჭდა 500 ეგზემპლარი) მნიშვნელოვანი საჩუქარია დაინტერესებული ქართველი მკითხველისთვის.
აია სოფიას ტაძრის აღმშენებლობის ქრონიკები მნიშვნელოვანია ძველი ქართული სამშენებლო ტერმინების გაცოცხლებისა და სამშენებლო მასალების დამზადება-მოხმარებისთვის, რაც მეტად საჭიროა მატერიალური კულტურის ძეგლთა კონსერვაცია-რესტავრაციის კვლევისა და კონსერვაციისთვის.
ძველმა ქართულმა ხუროთმოძღვრებამ დიდ მხატვრულ სიმწიფეს მიაღწია შუა საუკუნეების დასავლეთისა და წინა აღმოსავლეთის ხალხთა ხუროთმოძღვრებასთან ურთიერთობით. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამაზე მეტყველებს მეთორმეტე საუკუნეში ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი აია სოფიას ტაძრის აშენების ბიზანტიური ტრაქტატი. შუა საუკუნეებში ამგვარი სპეციფიკური ხასიათის ნაშრომებთან ზიარება მართლაც მაღალი რენესანსული კულტურის ქვეყანას შეეძლო, ქვეყანას, სადაც დაიბადა არაერთი დიდი ხუროთმოძღვარი: საკოცარი, მორჩაისძე, არსაკიძე, სწორუპოვარი მცხეთის ჯვრის უსახელო არქიტექტორი. მათ უნივერსალურ განსწავლულობაზე მეტყველებს კუმურდო, იშხანი, სვეტიცხოველი, კლასიკური ხელოვნების ნიმუში – მცხეთის ჯვარი.
ეჭვგარეშეა, რომ სამშენებლო ხელოვნების ტრაქტატების გაცნობა ამდიდრებდა ემპირიულ გამოცდილებას. საბედნიეროდ, ჩვენამდე მოაღწია მრავალმხრივ საინტერესო ტრაქტატმა სახელგანთქმული აია სოფიას შესახებ, რომლის ხუროთმოძღვრული ღირსებებიც ჩვენში ცნობილია თანადროულ და მის ბადალ მცხეთის ჯვართან მიმართებითაც”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები