დავით მუჯირი – საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების მატჩზე: ძალიან მნიშვნელოვანია ინტერესი, რომელიც 12:00 საათიდან, ბილეთების გაყიდვის შემდეგ გამოიკვეთა – პირველ 45 წუთში 5000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების მატჩზე ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ 45 წუთში 5000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა,- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
მანვე ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ინტერესი, რომელიც 12:00 საათიდან, ბილეთების გაყიდვის შემდეგ გამოიკვეთა. პირველ 45 წუთში 5000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. მინდა, მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, ის ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში ახარებდნენ მათ, მხარი დაუჭირონ. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება მილანი. ძლიერი და ვარსკვლავური შემადგენლობით გვესტუმრება – კაკა, კაფუ, ზეედორფი და ყველა ის ვარსკვლავი, რომელიც მილანისა და ქართული ფეხბურთის ქომაგებს უყვარდათ. კახა კალაძესთან ერთად, ორჯერ მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგა. ჩვენი გუნდიც ძლიერი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების დაპირისპირება შედგება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები შეხვდებიან.
ვარსკვლავური მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს TKT.ge-ზე დაიწყო.