ლევან ცუცქირიძის გამოფენა გაიხსნება
8 სექტემბერს, 15:00 საათზე, ATINATI-ს კულტურის ცენტრში ლევან ცუცქირიძის გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლევან ცუცქირიძის ნამუშევრები ATINATI-ს კოლექციიდან, ასევე კერძო და ოჯახის პირადი კოლექციებიდან. დამთვალიერებელი აქ მხატვრის საეტაპო მასშტაბურ ფერწერულ ტილოებს ნახავს, ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გრაფიკული ნამუშევრები.
ლევან ცუცქირიძე (1926-2021) ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უახლეს ქართულ ხელოვნებას. მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ფართოა. ლევან ცუცქირიძის ინტერესის სფერო არ განისაზღვრება მხოლოდ დაზგური ხელოვნებით. იგი ნაყოფიერად მუშაობდა მონუმენტურ ფერწერაში. ჯერ კიდევ 1966 წელს შეასრულა ორი ფერწერული პანო („ქეიფი“ და „მოსავლის დღესასწაული“).
1983-1986 წლებში კი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა. მანვე შეასრულა ილუსტრაციები წიგნებისთვის: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“, ვაჟა-ფშაველას პოემები, გოეთეს „ფაუსტი“ და სხვ.
„ლევან ცუცქირიძის წლების განმავლობაში შემუშავებული მხატვრული მეთოდი გამომდინარეობს ევროპული მხატვრული გამოცდილებიდან, განსაკუთრებით რენესანსული ხელოვნების ტრადიციიდან, რომელიც სინთეზირდება მრავალსაუკუნოვანი ქართული ფრესკული მხატვრობის იდეურ და ფორმალურ სისტემასთან.
ლევან ცუცქირიძე ხელოვნების სახვითი ენის განახლების გზების ძიებისას შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობას მიმართავს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მე-9-10 საუკუნეების ტაძრების მოხატულობის ასლების შექმნაზე მუშაობს. ეს გამოცდილება მას საკუთარი პლასტიკური ენის ჩამოყალიბებაში ეხმარება – ცუცქირიძე ქმნის სინთეზურ ფერწერას, სადაც გარკვეულ ერთობაში მოაქცევს ფერწერის დაზგურ და მონუმენტურ-სიბრტყობრივ ბუნებას. ქართული ფრესკისთვის დამახასიათებელი ხაზობრივ გამომსახველობას ერწყმის ფორმათა მონუმენტურობა და მხატვრულ სახეთა დიდებულება. ხან მოცულობითი, მონუმენტური ფორმების გამომსახველობა, ხან კი წაგრძელებული ფიგურების სილუეტების დახვეწილობა, ხაზობრივი რიტმის მუსიკალურობა განსაზღვრავს მისი ნამუშევრების განსაკუთრებულ სულიერებას, ემოციურობას, მხატვრული სახის მნიშვნელოვანებას. რა თემასაც არ უნდა ამუშავებდეს მხატვარი, იქნება ეს ლიტერატურული პერსონაჟები, ხალხური ეპოსის გმირები, ბიბლიური სცენები თუ სხვა, მისი კომპოზიციები ყოველთვის ადამიანური ჰუმანიზმის, სამყაროსა და ადამიანის ჰარმონიული ურთიერთობის გამომხატველია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
1959 წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირში ლევან ცუცქირიძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. მისივე სიტყვებით გამოფენამ ცხადყო, რომ თავიდანვე ლევან ცუცქირიძის „მხატვრული მანერა ქართული ფრესკიდან იღებს სათავეს და ინდივიდუალურ ხასიათსაც ატარებს. იგი წარსულის ტრადიციულ ფორმას უკავშირდება და სათქმელს თანამედროვე ენით ამბობს“.
ლევან ცუცქირიძე წერდა თავისსავე დღიურში – „უდიდესია და უღრმესი ის სამყოფელი, ის ტრადიცია, ის ბუნება და ის გარემიდამო, რამაც შენი სამშობლო შექმნა შენს წარმოსახვაში, სადაც ჩამოყალიბდი შენ და პირველად აღიქვი ეს სურნელება და გაიზიარე შენეულად“.
P.S. ATINATI-ს დაარსებიდან 4 წელი გავიდა. ეს თარიღი გამოფენაზე სადღესასწაულო ფორმატში აღინიშნება.
მის: ATINATI’S კულტურის ცენტრი. პ.ინგოროყვას 19ა (მთავარი შესასვლელი პარლამენტის შენობის უკანა მხრიდან).