მამუკა მდინარაძე – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრზე: ერთმა პროცენტმა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო, ამაზე უფრო ბინძური ტყუილი არ არსებობს
საკონსტიტუციო სასამართლოში იყო უსამშობლოთა სარჩელი და საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირწმინდად მოიგეს ახალგაზრდა თაობის პროფესიონალმა იურისტებმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდა იურისტებმა ყველას, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს „რუსულს“ ეძახდა „თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი“.
„იურიდიული კომიტეტის ახალგაზრდა პროფესიონალმა იურისტებმა, ყველა ადამიანს, რომელიც რუსულ კანონს უწოდებდა, სპეკულაციურად და განზრახ, თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის. ჩვენ ვნახეთ სამდღიანი პროცესი, როდესაც მაღალპროფესიულ დონეზე, იურიდიული კომიტეტის აპარატის იურისტებმა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ყველა კომპონენტში მოუგეს პროცესი „ნაცმოძრაობის სხვადასხვა წარმომადგენელს“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ბინძური ტყუილია“ ის, რომ NGO-ების მხოლოდ 1% დარეგისტრირდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში, რადგან რეალურად 30 000 NGO მხოლოდ ფურცელზე არსებობს და მცირე ნაწილია მოქმედი.
„ერთმა პროცენტმა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო, ამაზე უფრო ბინძური ტყუილი არ არსებობს. ისინი პროცენტს ითვლიან 30 ათასიდან. 30 ათასი NGO საქართველოში არ არსებობს, ეს მხოლოდ ფურცელზეა. რეალურად რამდენიმე ათასია მოქმედი NGO-ა და აქედან გაცილებით მცირე ნაწილია ისეთი, რომელიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.