“დაბალანსებული სიტკბო ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია” – დავით ყურაშვილის პერსონა
ადამიანმა მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო საქმიანობა შეიძლება, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იპოვოს. სხვადასხვა დაბრკოლების, აზრისა თუ მოცემულობის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, ვაკეთოთ ჩვენთვის გამორჩეული საქმე და, მეტ-ნაკლებად, ვიბრძვით – რომ ვიყოთ პროფესიონალები.
დავით ყურაშვილი ერთერთია მათ შორის, ვისაც საინტერესო პროფესიული ისტორია აქვს. ეს ისტორია სათავეს 2007 წელს იღებს და თავიდან ბოლომდე კონდიტერიას უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, არაერთ პროექტსა და მასტერკლასში მონაწილეობით, დავითმა შეძლო და მის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილ საქმიანობაში პროფესიონალად იქცა. დღესდღეობით ის “გაგრა პლუსში” მუშაობს. დეტალურად, თავად გვიყვება.
თავდაპირველად, კონდიტერიაში თქვენს პირველ ნაბიჯზე მოგვიყევით.
ამ სფეროში მოღვაწეობა 2007 წელს დავიწყე. ეს გახლდათ ერთერთი საკონდიტრო-საცხობი. დაახლოებით, ერთი წლის მანძილზე ვიმუშავე აქ.
რამ განაპირობა ამ სფეროსადმი თქვენი ინტერესი?
საცხობში შემთხვევით აღმოვჩნდი. მანამდე, ვმუშაობდი ჰიპერმარკეტში, სადაც, უბრალოდ, კონსულტანტი ვიყავი. მოგვიანებით, ახლობელმა მითხრა, რომ საცხობს ხსნიდა და შემომთავაზა, მასთან წავსულიყავი. ვიფიქრე – რატომაც არა? ეს ჩემთვის სიახლე იყო და დავინტერესდი. ამ დროისთის ჯერ კიდევ უცნაური და იშვიათი იყო კონდიტერიაში ჩართული მამრობითი სქესის წარმომადგენელი. ვიგრძენი მოტივაცია და ინტერესი. 2007 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.
ვამზადებდი კრუასანებს, ნამცხვრებს. ეს ყველაფერი ტექნოლოგებმა ადგილზე მასწავლეს. გარდა ამისა, გავიარე არაერთი მასტერკლასი. შემდეგი ეტაპი უკვე იყო „გუდვილი“, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე ქალბატონ ლია კალდელაკისგან. ის მაშინ „გუდვილის“ წარმოების ხელმძღვანელი იყო. სწორედ მან დაინახა ჩემში ნიჭი და მომცა საშუალება, რომ მესწავლა.
ამ მხრივ, რომელ მნიშვნელოვან თარიღებს გამოყოფთ?
2012 წელს მივიღე მონაწილეობა საკონდიტრო ხელოვნების მსოფლიო ჩემპიონატში, პარიზში, სადაც კარგ შედეგს მივაღწიეთ – 16 გუნდიდან მერვე ადგილი დავიკავეთ. ამ კონკურსში მეორედაც, 2014 წელს მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა, მიღებული მაქვს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში.
უცხოურ გამოცდილებაზეც ვისაუბროთ – რომელ ქვეყნებში გაეცანით კონდიტერიას?
გავლილი მაქვს ფრანგი შეფების მასტერკლასი. ზოგიერთი აქ ჩამოგვყავდა, ზოგ შემთხვევაში მე მივდიოდი საფრანგეთში, უკრაინაში, სხვადასხვა ადგილზე.
შემდგომ ვმუშაობდი ყაზახეთში, ასტანაში, სადაც მიგვიწვიეს მე და ჩემი მეგობარი საკონდიტროს გასახსნელად და მის სამართავად. ერთი წლის მანძილზე აქ ვიმუშავე.
საფრანგეთში, იტალიაში, უკრაინაში დამხვდა ის, რაც ჩვენთან, საქართველოში ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ იყო – ტექნოლოგია, გემოები, ესთეტიკური მხარე, დახვეწილობა და ა.შ. აქ მაშინ უფრო მეტად ტრადიციული ნამცხვრები მზადდებოდა. ჩემთვის იყო ახალი ხედვა, რაც იმ დროისთვის იქ ხდებოდა. ამ სფეროში მაშინ ბევრი რამ საქართველოში ჯერ მხოლოდ იწყებოდა.
საინტერესოა, როგორ შეაფასებთ საკუთარ ტკბილეულს – რა გამოარჩევს მათ?
ვფიქრობ, ეს არის ვიზუალი, გემო. ყველა შეფს, მათ შორის, მეც, მაქვს ჩემი ხედვა, მომწონს განსხვავებული გემოები. არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი. მიყვარს ყველანაირი შოკოლადი, ასევე, კენკრა, ციტრუსი, საკონდიტროში ალკოჰოლი – დოზირებულად. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს თხილეულის გამოყენება. დაბალანსებული სიტკბო ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასე ვთქვათ, მცირე კრეატივი ყოველთვის შემაქვს ხოლმე ჩემს ნამუშევრებში.