ეროვნულ ბიბლიოთეკაში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

27 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ექსკლუზიური მასალების გამოფენა. გაიმართა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოცემის „ასი წელი აჯანყებიდან“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების მიერ მომზადებული ბიბლიოგრაფიის „1924 წლის აჯანყება საქართველოში“ პრეზენტაცია.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ამ სიტყვებით გახსნა:
„აჯანყება 28 აგვისტოს ჭიათურაში დაიწყო და 14 სექტემბერს სვანეთში დასრულდა. ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა – სულიერად და ფიზიკურად ლამაზი ადამიანები შეეწირნენ ამ მოვლენას. ეს დღე დიდი დაფიქრების დღეა. დიდება გმირებს“.
„1924 წლის აჯანყება იყო ინტერპარტიული მოვლენა. მასში სხვადასხვა პოლიტიკური ფრთისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამოფენაზე შინაგან საქმეთა არქივიდან უნიკალური მასალები იყო წარმოდგენილი. ასევე დაიბეჭდა მნიშვნელოვანი გამოცემები, რომლებიც ამ თარიღს მიეძღვნა“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ 1924 წლის აჯანყება სისხლში ჩაახშო. მას ასობით ადამიანი შეეწირა, ზოგი ციხის, ზოგი კი გადასახლების გზას გაუყენა. მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ერმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ამდენად, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები