ალექსანდრე აბაშელის დაბადებიდან 140 და გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა

თვალსაჩინო ქართველი პოეტის,  ალექსანდრე აბაშელის, დაბადებიდან 140 და გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ალექსანდრე აბაშელის ხსოვნას, პოეტურ ღვაწლსა და ქართული კულტურის წინაშე მის უდიდეს დამსახურებას.
პოეტის ნამდვილი სახელი და გვარია ალექსანდრე (ისაკ) ჩოჩია. ჰქონდა მეორე ფსევდონიმიც – ი. პარნასელი, თუმცა ქართულ პოეზიასა და ერის მეხსიერებაში მაინც დამკვიდრდა, როგორც ალექსანდრე აბაშელი.
პოეტის ცხოვრება და შემოქმედება ზუსტად ირეკლავს თანამედროვე ეპოქის რთულ და წინააღმდეგობრივ ხასიათს.
1905 წლიდან ალექსანდრე აბაშელი ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მომდევნო წელს იგი გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა გაზეთების – „კავკაზისა“ და „ნოვაია რეჩის“ რედაქციებში. პირველი ლექსებიც ამ რუსულ გამოცემებში დაბეჭდა, მერე კი იოსებ იმედაშვილმა ურჩია, მშობლიურ ენაზე ეწერა და პოეტის პირველი ქართული ლექსი სწორედ მისი რედაქტორობით გამომავალ ჟურნალში („თეატრი და ცხოვრება“) გამოქვეყნდა.
1913 წელს გამოიცა ალექსანდრე აბაშელის ლექსების პირველი კრებული „მზის სიცილი“. ამას მოჰყვა არაერთი პოეტური კრებული, მათ შორის – „მზე და სამშობლო“ და ავტორმა საბოლოოდ დაიმკვიდრა მზისა და სამშობლოს მომღერალი პოეტის სახელი.
არსებობს ცნობილი ფოტო, რომელსაც არაერთ ქართულ ოჯახში შეხვდებით. მასზე აღბეჭდილია ოთხი ჩოხოსანი: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი. ეს ფოტო მეტყველებს ალექსანდრე აბაშელის პოეტურ და პიროვნულ მნიშვნელობაზე. ოთხივე ლიტერატურული დაჯგუფების – „აკადემიური მწერლობის კავშირის“ წევრი იყო. ამ დაჯგუფებამ 1921 წელს ალექსანდრე აბაშელის რედაქტორობით გამოსცა ჟურნალი „ხომალდი“. ჟურნალის პირველი ნომერი იხსნებოდა ალექსანდრე აბაშელის ლექსით – „შორეული ნაპირი“, რომელშიც არის ასეთი სტრიქონები: „და ერის ტანჯვის გამომხატველი/იზრდება გულში ორი მწვერვალი…/ერთი ნაღველის ორი სახელი:/კრწანისის ომი და თებერვალი“…
მნიშვნელოვანია ალექსანდრე აბაშელის, როგორც გამომცემლის, დამსახურება. იგი გვერდით ედგა პავლე ინგოროყვას ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულის გამოცემისას. პავლე ინგოროყვას თქმითვე, მან „უდიდესი ღვაწლი დასდო ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლას, შეგროვებასა და სისტემაში მოყვანას, მათს გამოქვეყნებას.“
აღსანიშნავია, რომ თანამედროვეები პოეტს იგონებენ, როგორც უაღრესად სპეტაკ და ნათელ პიროვნებას. ამის თვალსაჩინო დასტურია კონსტანტინე გამსახურდიას ბრწყინვალე ესე – „ალექსანდრე აბაშელი“.
ალექსანდრე აბაშელი გარდაიცვალა 1954 წლის 27 სექტემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები