კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ქართველი მომღერლის – თინათინ მერკვილაძის გარდაცვალების გამო

კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ქართველი მომღერლის, თინათინ მერკვილაძის, გარდაცვალების გამო. სამინისტრო პატივს მიაგებს ხელოვან თინათინ მერკვილაძის დიდ ღვაწლს ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.
თინათინ მერკვილაძე დაიბადა ქუთაისში. 1949 წელს დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი, 1954 წელს – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება.
1955 წლიდან იყო ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრის მთავარი სოლისტი. 1984 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მუსიკის კათედრაზე.
თინათინ მერკვილაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1976). მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული პროფესიული ვოკალური მუსიკის განვითარებაში.
ხელოვანის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას. განასახიერა 100-ზე მეტი წარმატებული როლი, მათ შორის: მარო, მარეხი (ზ. ფალიაშვილი, ,,დაისი”, ,,აბესალომ და ეთერი”), ჭრიჭინა (რ. გაბიჩვაძე, ,,ჭრიჭინა”), ფაცია, თინა (შ. მილორავა, ,,საყვარელი დისშვილი”, ,,სიმღერა თბილისზე”), მანანა (ა. კერესელიძე, ,,ჯაზომანია”), ნინო (ა. შავერზაშვილი, ,,ნინო”). შეასრულა მთავარი როლები ოპერეტებში: ო. თქთაქიშვილის „სამი ნოველა“, გ. ცაბაძის ,,შესანიშნავი სამეული”, „თოვლიანი მთების მელოდიები“, ო. თევდორაძის ,,შვეიკი მიდის ომში”, ვ. აზარაშვილის ,,მეცხრე ტალღა”, ბ. კვერნაძის ,,ცოლები და ქმრები”. სხვა რეპერტუარიდან აღსანიშნავია მისი როლები: მარიცა, სილვა (კალმანი, ,,მარიცა”, ,,სილვა”), ელიზა დულიტლი (ლოუ, ,,ჩემი მშვენიერი ლედი”), ასია (ჰაჯიბეკოვი, ,,არშინ მალ–ალანი”), ჩანიტა (მილიუტინი, ,,ჩანიტას კოცნა” და სხვა.
კულტურის სამინისტროს პროექტ ,,თეატრალური საგანძურის” ფარგლებში, რომლის მიზანია ელექტრონული არქივის შექმნა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ჩაიწერა თინათინ მერკვილაძის ვიდეოპორტრეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები