შესანიშნავი ქართველი მსახიობის – რუსლან მიქაბერიძის დაბადებიდან 85 წელი გავიდა

შესანიშნავი ქართველი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, რუსლან მიქაბერიძის, დაბადებიდან 85 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს რუსლან მიქაბერიძის ხსოვნას და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ მის წვლილს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი რუსლან მიქაბერიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (1960-1970), კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (1971-1972), 1972 წლიდან კი – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
მოზარდ მაყურებელთა თეატრში მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შურა (ს. მიხალკოვის „სომბრერო“), ვალენტინო (უ. შექსპირის „მეთორმეტე ღამე“), სპირიდონი (ვაჟა-ფშაველას „სათაგური“), მეზღაპრე (ჰ. ანდერსენის „თოვლის დედოფალი“), ქამელეონი (მ. მაშადუს „ბრაზილიის საუნჯე“), რუინდანი (ბ. შოუს „ეშმაკის მოწაფე“), ძერჟინსკი (დ. თაქთაქიშვილის „ნევის შადრევანი“), კიკვიძე (ვ. დარასელის „დივიზია №16“), გრძელი გაიოზი (რ. მამულაშვილის „ძია ელიოზი“) და სხვა.
მსახიობმა მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ასევე შექმნა საინტერესო სახეები: პეტრიონიუსი (ჯ. ფლეტჩერის „ჭირვეული ქმრის მორჯულება“), ოფიცერი (ფ. შილერის „დონ კარლოსი“), ჯოყოლა (ვაჟა-ფშაველას „ორი პოემა“), ბენ იოხაი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), არჩილი (ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა“), პატრონი (ნ. გოგოლის „ქორწინება“), შიო ხარაძე (ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“) და სხვა.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხაჟომია (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), გლებ რიაბინინი (ი. დვორეცკის „უცხო კაცი“), სპირიდონი (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), შუისკი (ა. ტოლსტოის „ივანე მრისხანეს სიკვდილი“), კაპულეტი, ბრეკენბერი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „რიჩარდ III“), პირველი აბჯროსანი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), კრეონი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), გრიგოლი (მ. ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“), მალისოვი (ა. გელმანის „ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი“).
საინტერესო და დასამახსოვრებელია რუსლან მიქაბერიძის კინოროლებიც. მსახიობის კინოდებიუტი იყო უზბეკურ ფილმში „თეთრი, თეთრი ყარყატები“ (ა. ხამრაევი, 1967) შესრულებული როლი. 1972 წლიდან მან საქმიანობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
მნიშვნელოვან კინონამუშევრებს შორის აღსანიშნავია: ჯოტო გვასალია („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973), შვანგირაძე („დათა თუთაშხია“, გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), დომენტი დუმბაძე („მოცურავე“, ი. კვირიკაძე, 1981), შალვა ხეთერელი („ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, გ. შენგელაია, 1984), ავტობუსის მძღოლი („ნეილონის ნაძვის ხე“, რ. ესაძე, 1985). გარდა ამისა, მონაწილეობდა ფილმებში: „გასერნება თბილისში“ (ნ. მჭედლიძე, 1976), „ფლეიტა“ (გ. დადიანი, 1976), „რბოლა“ (თ. გომელაური, 1977), „ნიკა მთაში“ (ზ. თუთბერიძე, 1979), „რად სტვენს ბულბული?!“ (გ. პეტრიაშვილი, 1980), „მე დავბრუნდები“ (მ. თავაძე, 1982), „არაჩვეულებრივი რეისი“ (ბ. ჩხეიძე, 1982), „გმადლობთ, რატილი“ (გ. კალატოზიშვილი, 1983), „მიმინო“ (გ. დანელია, 1977), „სიბირიადა“ (ა. მიხალკოვ-კონჩალოვსკი, 1979), „თეირანი 43“ (ა. ალოვი, ვ. ნაუმოვი, 1981), „ჩეგემური დეტექტივი“ (ა. სვეტლოვი, 1986) და სხვ.
დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსლან მიქაბერიძის ეპიგრამები და მახვილგონივრული ფუნაგორიები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები