ალექსი პეტრიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ამ მხრივ განვითარებას და მათთან თანამშრომლობას. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენციაა, რომელიც პერიოდულად იმართება. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობაზე. მან, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის რეფორმების განხორციელების პროცესში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს ადგილობრივ თითმმართველობათა ასოციაცია მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენცია 36 ქვეყნის წარმატებულ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს აერთიანებს, როგორც ევროკავშირის, ისე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მეოთხე ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაწილეები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულების გზებს განიხილავენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მეთაურები მომდევნო შეხვედრას რიგაში, 2015 წლის მაისში გამართავენ და ევროკავშირში გაერთიანების მსურველი ქვეყნებისთვის სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები