პირველად ომის დაწყების შემდეგ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კიევს ეწვევა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს,- ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს.
მანამდე, მოდი მოსკოვს ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას ინდოეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დარეგულირება სწრაფად მოხდება.
მოდისა და პუტინის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინდოეთის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც მოტყუებით აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე და რუსეთის არმიის შემადგენლობაში ფრონტზე აღმოჩნდნენ. ვიზიტის შედეგების მიხედვით, ინდური პრესა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოდიმ და პუტინმა შეთანხმებას მიაღწიეს ინდოეთის მოქალაქეების კონტრაქტების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.