სიცილიაში იახტის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა, დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება
იტალიაში, სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შემდეგ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ექვსი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ორშაბათს დილით, 56 მეტრიანი იახტა “Bayesian” ძლიერი შტორმის შემდეგ სიცილიის სანაპიროებთან ჩაიძირა. შემთხვევის ადგილიდან 15 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. გადარჩენილთაგან რვა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
იახტაზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის 10 წევრი და 12 მგზავრი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და კანადის მოქალაქეები.
გავრცელებული ინფორმაციით, გემის ნამსხვრევები, დაახლოებით, 50 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, მყვინთავები დაკარგულებს ეძებენ. სამძებრო სამუშაოების გასაძლიერებლად პროცესში ვერტმფრენები ჩაერთნენ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება დაუკავშირდა ადგილობრივ ხელისუფლებას ინციდენტის შესახებ და მზად არის, დაზარალებულ ბრიტანელებს საკონსულო დახმარება გაუწიოს.