მარკ კელი – უკრაინის შეჭრამ რუსეთის რეგიონში შეიძლება, ომის მიმდინარეობა შეცვალოს
კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა, – ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მოულოდნელი შეტევა კურსკის რეგიონში ვლადიმერ პუტინისთვის შოკის მომგვრელი იყო.
„130 ათასი რუსი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები და ვფიქრობ, უკრაინელებმა გააკეთეს რაღაც არაპროგნოზირებადი, რამაც შეიძლება, რეალურად შეცვალოს ამ კონფლიქტის მიმდინარეობა. უკრაინელებს ვლადიმერ პუტინი უკანონოდ დაესხა თავს. მიზანმიმართულად კლავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. აი ეს იყო უკანონო შეჭრა. არ მგონია, რომ უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიის დიდი ხნით დაკავება სურდეთ, მაგრამ პუტინისთვის ეს ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო”, – განაცხადა მარკ კელიმ.
ამასთან, ამერიკელი სენატორის თქმით, უკრაინის შეჭრით რუსები უნდა ხვდებოდნენ, რომ რისკის ქვეშ არიან.
„ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეები ხედავენ იმ ყველაფრის შედეგებს, რაც პუტინმა გააკეთა უკრაინაში. ხედავენ, რომ ახლა ისინი, გარკვეულწილად, რისკის ქვეშ არიან“, – განაცხადა მარკ კელიმ.