18 აგვისტოს ქართველი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას, დაბადებიდან 100 წელი გავიდა

18 აგვისტოს ქართველი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას, დაბადებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს პოლიკარპე ხუბულავას ხსოვნასა და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.
პოლიკარპე ხუბულავამ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ჩამოაყალიბა პატარა ანსამბლი რამდენიმე თანატოლთან ერთად. ეს იყო პირველი გუნდი მისი ხელმძღვანელობით. სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც ჯარში გაიწვიეს და ბათუმის ქართულ დივიზიაში მსახურობდა, იგი შერმადინ ჭკუასელის ანსამბლში მღეროდა. მას მერე გურული სიმღერა განსაკუთრებით შეუყვარდა.
მომღერალი ანსამბლის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა არტემ და ანანია ერქომაიშვილებს მაკვანეთში და მათთანაც იმაღლებდა ოსტატობას. პირადად იცნობდა იმერული სიმღერების შესანიშნავ მცოდნესა და ლოტბარს ბენია მიქაძეს, უმღერია აკაკი ხარებავასა და იოსებ გუნავასთან ერთად. 1949 წელს პოლიკარპე ხუბულავა ბათუმიდან დაბრუნდა და სოფელ ყულიშკარის კლუბის გამგედ დაიწყო მუშაობა, 1954 წელს კი ახალგახსნილ ჯიხაშკარის კლუბში გადავიდა. პარალელურად ხელმძღვანელობდა ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და გალის გუნდებს.
პოლიკარპე ხუბულავას მოღვაწეობა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ზუგდიდის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ „ოდოიასთან“. ანსამბლს არაერთხელ გაუმართავს საკონცერტო ტურნე უცხოეთში, კერძოდ: ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.
მის შემოქმედებას საგანგებო გადაცემა მიუძღვნა ანზორ ერქომაიშვილმა. 1979-1987 წწ – პოლიკარპე ხუბულავა რამდენიმეჯერ გამოვიდა ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ორგანიზებულ ფოლკლორულ საღამოებზე. პოლიკარპე ხუბულავას გუნდსა და სოფლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს მიეძღვნა 1986 წელს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის მიერ მომზადებული გადაცემა „ერთი სოფლის თვითმოქმედება – სოფელი ჯიხაშკარი“.
2001 წელს საფრანგეთში ანსამბლ „მარანთან“ ერთად ჩაატარა ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასები. ხოლო 2003 წელს გამოიცა სამი კომპაქტდისკისაგან შემდგარი ალბომი „შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა“, ანსამბლ „ოდოიას“ შესრულებით. ასევე, ანსამბლის მონაწილეობით 2005 წელს გამოქვეყნდა ოთხდისკიანი სანოტო კრებული, მასში მეგრული სასიმღერო ფოლკლორის 24 მარგალიტია წარმოდგენილი. იუნესკოს მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრისა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის სამწლიანი (2002-2005) პროექტის ფარგლებში პოლიკარპე ხუბულავა ლია სალაყაიასთან (სიონის სამრევლო სკოლის დირექტორი) ერთად ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ლოტბართა სკოლას.
პოლიკარპე ხუბულავა გახლდათ ღირსების ორდენისა და წმინდა გიორგის ორდენის კავალერი, ასევე, ფონდ „ქართული გალობის“ პრემიების ლაურეატი.
2014 წელს კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა ღვაწლმოსილი ლოტბარისა და მომღერლის 90 წლის საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2015 წელს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ სერიიდან „ქართული სიმღერის მოამაგეები“ გამოსცა მონოგრაფია „პოლიკარპე ხუბულავა“; გამოცემას ახლავს კომპაქტდისკი, რომელზედაც ჩაწერილია პოლიკარპე ხუბულავას, მისი ანსამბლების – „ჩელასა“ და „ოდოიას“ – მიერ შესრულებული სიმღერები და საგალობლები. მონოგრაფია საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში დაჯილდოვდა პრემიით, როგორც 2015 წლის საუკეთესო ნაშრომი მუსიკათმცოდნეობის დარგში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები