მწერალთა სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მწერალთა სახლის შენობის რეაბილიტაციის პროცესი და უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება შენობაში არსებული ყველა ის პრობლემა, რამაც მისი რეაბილიტაციის საჭიროება დააყენა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კერძოდ, 2023 წელს, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა შენობა, რის შედეგადაც შეფასდა არსებული საკმაოდ რთული მდგომარეობა და შემუშავდა სარეაბილიტაციო მეთოდოლოგია. შენობის ძირითადი პრობლემა ჯდენადი საძირკველი იყო, რაც იწვევდა ბზარების განვითარებას. სარდაფის კედლებზე შეიმჩნეოდა სინესტე, ფასადებსა და ინტერიერის კედლებზე ზედაპირული და გამჭოლი ბზარები უკვე იყო გაჩენილი.
„პირველ ეტაპზე წარმატებით ჩატარდა საძირკვლებისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილმა გარემოებებმა საჭირო გახადა რეაბილიტაციის პროცესში ცვლილებების შეტანა და დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. თავდაპირველად, დაიბურღა ყორექვის ზეძირკველი და ანკერები ჩამაგრდა ნახვრეტებში; მონოლითური კედლისა და საპროექტო ფილის ქვეშ ბეტონი მომზადდა და ამასთან ერთად, სარდაფში მოეწყო რკინა-ბეტონის კედლები; სარდაფის იატაკის არსებული სივრცე შეივსო საპროექტო ნიშნულამდე და მოიჭიმა სარდაფის იატაკის ფილა. განხორციელდა არსებული კიბის საფეხურების დემონტაჟი, მოეწყო რკინა-ბეტონის კიბის საფეხურები და სარდაფის ნიშნულზე იატაკები და კიბის საფეხურები სრულად მოპირკეთდა კერამო-გრანიტის ფილებით.
ამჟამად, მიმდინარეობს კედლის ბზარების გასუფთავება, დაგრუნტვა და ინექტირება ჰიდრავლიკური კირისა და თაბაშირის ხსნარით. ამასთან ერთად, კედლის მხატვრობის სპეციალისტების მიერ გრძელდება მუზეუმის ჭერსა და კედლებზე არსებული კედლის მხატვრობისა და თაბაშირის საშუალებით ორნამენტების აღდგენა და ამავე ჭერისა და კედლების საღებავის განახლება/ დაფერვა.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიბა“ ახორციელებს. სააგენტომ სამუშაოებისთვის 825 123 ლარი გამოყო.
ივანე მაჩაბლის ქ. N13-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მწერალთა სახლის შენობა საუკეთესო მაგალითია მოდერნის სტილის, ევროპული და თბილისური არქიტექტურის შერწყმის. საბჭოთა პერიოდში შენობა ნაწილობრივ გადაკეთდა, მაგრამ ძირითადად შეინარჩუნა თავდაპირველი სახე. შენობა ცნობილი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი იყო, რომელიც 1903-1905 წლებში აშენდა. 1921 წლიდან შენობაში ხელოვანთა კავშირის მთავარმა კომიტეტმა დაიდო ბინა, შემდეგ ის საქართველოს მწერალთა კავშირს ეკავა და ბოლო დრომდე – კი სსიპ „მწერალთა სახლის“ სარგებლობაშია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები