ეროვნულ გალერეაში ნინო ლორთქიფანიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას მასპინძლობს. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ხელოვანის ამ მასშტაბის რეტროსპექტული გამოფენა საქართველოში პირველად გაიხსნა. ის აერთიანებს მხატვრის უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავ ნამუშევრებს.ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში გამორჩეულად იგრძნობა არქიტექტურის სივრცული აზროვნება. მის ფერწერას ახასიათებს სივრცის ახლებური აღქმა, გეომეტრიული კანონების რღვევა, უჩვეულო რაკურსები, სარკისებური სიბრტყეები. მისი ნამუშევრების უდიდეს წილს შეადგენს პეიზაჟი, ნატიურმორტი, კომპოზიციები, რომლებშიც ავტორი შორდება მატერიალურ ფორმას და გადმოსცემს შინაგანი სამყაროს განცდებსა და ირაციონალურ განწყობას.
ნინო ლორთქიფანიძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. შემდგომ მან სწავლა პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ჰელსინკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში განაგრძო, სადაც გახდა ფინელი სიურრეალისტი მხატვრის, იუჰანი ლინოვაარას, მოწაფე. 1972-1976 წლებში მუშაობდა მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტ გიპროთეატრში. 1980-90 წლებში კი სტროგანოვის ხელოვნებისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტის (მოსკოვი) აკადემიური ფერწერის პედაგოგი და პროფესორი იყო.
მხატვარს მრავალი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა გაუმართავს მთელ მსოფლიოში, კერძოდ საქართველოსა და შემდეგ ქვეყნებში: ფინეთი, ბელგია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ავსტრია, თურქეთი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი) და სხვა ქვეყნების გალერეებსა და მუზეუმებში, ასევე, კერძო კოლექციებში.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის ორი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეასა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმს ნინო ლორთქიფანიძის დამ, ქალბატონმა რუსუდანმა, საჩუქრად გადასცა. ამასთან, კულტურის სამინისტროს კონკურსის „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 2023 წელს ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი ორენოვანი კატალოგი გამოიცა. მისი პრეზენტაცია კი შედგა საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში, სადაც მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მისი პირველი გამოფენა გაიმართა.
გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 29 აგვისტოს ჩათვლით შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები