13 აგვისტოს მსახიობ ზეინაბ ბოცვაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა
13 აგვისტოს გამოჩენილ მსახიობს, ზეინაბ ბოცვაძეს, 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ზეინაბ ბოცვაძის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.
ზეინაბ ბოცვაძე 1962-68 წწ სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1968 წლიდან გარდაცვალებამდე კი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მელა (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), მოლი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), მაია (ვ. როზოვის „ვახშმობის წინ“), ირა (გ. ქავთარაძის, რ. სტურუას „ბრალდება“), მარკიზა ტორინენი (მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“), დედოფალი, სოფლელი გოგონა, თხა, მოტირალი (სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“), აგრაფინა დანელია, გულიკო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“), ელენე (ნ. აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“), ელენე (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), ფრინტა (ა. სულაკაურის „სალამურა“), ისმენე (ჟ. ანუის „ანტიგონე“), მაგდალენა (ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“), ქალბატონი კაპულეტი (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ანგელინა (ალ. ჩხაიძის „თავისუფალი თემა“), ოფელია, ელო (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ნელი (ნ. წულეისკირის, გ. გეგეჭკორის „ძველი სამრეკლო“), მერი (ლ. თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“), ვერა დარსაძე (დ. ტურაშვილის „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“).
ეკრანზე 14 წლისა გამოჩნდა ფილმში „ყვავილი თოვლზე“ (1959). პირველი მთავარი როლი ითამაშა ტელენოველაში „ჩქარი მატარებელი“ (1960). კინოფილმებში შექმნა შემდეგი სახეები: ფუნდუ („განძი“), ცირა („ომარ ჯოხაძე“ – ტელეფილმი), ფატი („პალიასტომის ტბა“), ლელა („ერთი ცის ქვეშ“), დედა („ნერგები“), კატო („მიმინო“), დედა („კარლოს ესპანელის დღიური“).
მსახიობის მიერ შექმნილი სახეებიდან საინტერესოა: საბავშვო ბაღის მასწავლებელი („ორშაბათი მიღების დღე“), ლალი („ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“), ანგუსტიასი („ბერნარდა ალბას სახლი“), დედინაცვალი („უკვდავების თეთრი ვარდი“), კომისარი („კედელი“), მოქრისი („მოკვეთილი“) და სხვა.
ფილმ „მონანიების“ საერთაშორისო წარმატებაში მან თავისი ღირსეული წვლილიც შეიტანა ქეთევან ბარათელის როლის შესანიშნავი განსახიერებით.
ზეინაბ ბოცვაძეს 1981 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. 1997 წელს მიენიჭა ქართული კინოს დამოუკიდებელი აკადემიის პრემია „ნატო“ შემოქმედებითი საქმიანობისთვის (გარდაცვალების შემდგომ).