ჯინ შაჰინი: გვსურს, ვიხილოთ, რომ მომდევნო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან
თბილისში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ერთგული ვართ საქართველოსი, აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, რათა გაგრძელდეს ქვეყნის სვლა დემოკრატიული მიმართულებით, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს სურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
„გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ისევე როგორც ადგილობრივ დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, დააკვირდნენ პროცესს, ვინც უზრუნველყოფს, სათანადოდ ჩატარდეს არჩევნები, ეს მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც წამოიწია პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ დაინტერესებული არ არის ამაში და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი იწვევს გარკვეულ პაუზას ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, აქ ვიმყოფებით, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.