ტურიზმში გაზრდილი შემოსავლების მთავარი გარანტორი არის რეგიონში ქვეყნის სწორი პოზიციონირება – “რადარის” დამფუძნებელი
კომპანია “რადარის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მაია მახათაძე 2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს და განმარტავს, რომ გაზრდილი შემოსავლების მთავარი გარანტორი ქვეყნის სწორი პოზიციონირებაა.
„გაზრდილი შემოსავლების მთავარი გარანტორი არის რეგიონში ქვეყნის სწორი პოზიციონირება. გვესმის, რომ ირგვლივ საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ სტაბილურად პოზიციონირებს.
მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ თავისთავად შარშანდელ ფასებს თუ შევადარებთ ტარიფები გაზრდილია და შეიძლება ეს მხარეც გავლენას ახდენდეს იმაზე, რომ რაოდენობრივ ჭრილში შესაძლოა ისეთი კომპლექსური ზრდა არ გვქონდეს, მაგრამ ზრდა იყოს შემოსავლებში.
ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა სტაბილურად ებმის ერთმანეთს. თუ პირველ კვარტალში იყო ზრდა მეორე კვარტალშიც არის ზრდა, იმიტომ, რომ ამ პერიოდში არანაირი მიზეზი არ ყოფილა ჩავარდნის და შესაბამისად მივიღეთ ეს ზრდა.
ახლა ტურიზმის კუთხით საკმაოდ პიკურ პერიოდში ვართ და მესამე კვარტალშიც საკმაოდ ზრდა იქნება. აგვისტო და სექტემბერი ბიზნესურად ყველაზე ცხელი პერიოდია და შესაძლოა უფრო კარგი შედეგებიც კი დაიდოს“, – განმარტავს მაია მახათაძე.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამ განაპირობა ევროპიდან ტურიზმის შემოსავლებში ზრდა, მაშინ როდესაც ბიზნესი ნაწილი ევროპელი ტურისტების სიმცირით აპელირებდა. „რადარის“ დამფუძნებელი პასუხობს, რომ მცირედი გაუქმებების მიუხედავად, გადავადებული ჯავშნები შედგა და ეს ადამიანები საქართველოში ჩამოვიდნენ.
„მცირედით შეფერხებები იყო მაისში. იყო საუბარი იმაზე, რომ მცირედმა გააუქმა, თუმცა ნაწილმა გადაავადა და არ გაუუქმებია. ამიტომ სავარაუდოდ, როდესაც პროცესები დასტაბილურდა, ეს გადავადებული ჯავშნები შედგა“, – ამბობს მახათაძე.