გია ვოლსკი: არჩევნები მაღალ ევროპულ დონეზე ჩატარდება – სწორედ ამიტომ იყო შემოტანილი ელექტრონული არჩევნები

„რაც შეეხება მის განცხადებას არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას შეხსენება არ სჭირდება, არჩევნები მაღალ ევროპულ დონეზე ჩატარდება, რადგან სწორედ ამიტომ იყო შემოტანილი ელექტრონული არჩევნები, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ფალსიფიცირებას, – ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სამი კონკრეტული პირობის შესრულებას ეხება. მათ შორის არის, არჩევნების სამართლიანად ჩატარება, გამჭვირვალობის კანონი და ჩინეთთან ურთიერთობა.

ვოლსკის თქმით, ამ პროცესში მთავარი საკითხია, თუ რომელი პოლიტიკაა სწორი – სტაბილურობის გზა, რომელსაც მმართველი გუნდი მიჰყვება, თუ დესტაბილიზაციის, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს ხალხს.

“არჩევნები მაღალ ევროპულ დონეზე ჩატარდება. „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონზე კი ერთადერთ განცხადებას ველოდებით, მათ შორის ო’ბრაიენისგან – არავითარი პრობლემა გამჭვირვალეობაში არ არსებობს და ქართული საზოგადოება იმას იმსახურებს, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ფული შემოდის და ზუსტად ვიცოდეთ, რა თანხები იხარჯება პროგრამებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები გაჭრილები არიან პოლიტიკურ ველზე და უკვე ლიდერის პოზიციებსაც იკავებენ. რასაკვირველია, ამ თემაზე საუბარი გვექნება. მთავარი საკითხია იმის მოლოდინი, რომელი პოლიტიკაა სწორი – სტაბილურობის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით თუ დესტაბილიზაციის, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს.

მთელი რიგი ქვეყნები ნაბიჯებს დგამენ, რათა ჩინეთთან მათი ეკონომიკური ურთიერთობა განვითარდეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რასაც მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება და სამშვიდობო პროცესი ჰქვია, რომელმაც აზიისა და ევროპის ეკონომიკები მჭიდროდ უნდა დააკავშიროს.

საქართველო სწორედ იქ მდებარეობს, სადაც არის შუა დერეფანი და რომელიც არის ალტერნატიული დერეფანი, საიდანაც საქონელი აზიიდან მიწოდებული იქნება ევროპული ბაზრებისთვის. ეს არანაირ ალტერნატივას არ წარმოადგენს იმ კავშირების, რაც ამერიკასთან და ევროკავშირთან გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები