პაპუაშვილი – ზურაბიშვილზე: რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, უნდა გადადგეს თანამდებობიდან
“სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ნიშნავს, რომ ის აღიარებს მის ლეგიტიმაციას და რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, უნდა გადადგეს თანამდებობიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, აქ ერთი საკითხია, რომ აქაც კიდევ ერთი ფარისევლობაა ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. სულ რამდენიმე თვის წინ, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, ლამის მონებად გამოაცხადეს მოსამართლეები იმისთვის, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ და დღეს, იმავე მოსამართლეებს მიმართავენ სამართლის საპოვნელად. ესეც კიდევ ერთი აბსურდია.
ხაზს ვუსვამ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ნიშნავს რომ ის აღიარებს მის ლეგიტიმაციას და რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ზუსტად მაგ სასამართლოს აქვს გამოტანილი განაჩენი მის მიმართ, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ შედგა იმპიჩმენტი, არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაარჩინა, შეინარჩუნა ის ამ თანამდებობაზე. ვხედავთ, რისთვისაც სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ის ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.